პრემიერლიგის დიდების დარბაზში პირველი ორი ფეხბურთელი შეიყვანეს
ინგლისის პრემიერლიგის დიდების დარბაზი გაიხსნა და მასში პირველი ორი ფეხბურთელიც შეიყვანეს.
პრემიერლიგის დიდების დარბაზის პირველი წევრები ლონდონის “არსენალის” ყოფილი თავდამსხმელი ტიერი ანრი და “ბლექბერნ როვერსისა” და “ნიუკასლ იუნაიტედის” ექსფორვარდი ალან შირერი არიან.
ფრანგმა ინგლისის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ჩატარებულ 258 მატჩში 175 გოლი გაიტანა და 74 ასისტი მიითვალა, ოთხჯერ მოიგო “ოქროს ბუცი” და “არსენალს” ორჯერ დაეხმარა ტიტულის დასაკუთრებაში. ის ორჯერ გახდა სეზონის საუკეთესო მოთამაშე. ანრი “მეთოფეთა” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.
შირერს პრემიერლიგაში “ბლექბერნისა” და “ნიუკასლის” ღირსება დაუცავს. მან ტურნირზე საერთო ჯამში 441 შეხვედრა ჩაატარა, 260 ბურთი გაიტანა და 64 საგოლე გადაცემა ჩაიწერა. ინგლისელმა სამჯერ მოიგო “ოქროს ბუცი”, ყველაზე აღსანიშნავი კი 1994-1995 წლების გათამაშება იყო, როდესაც 34 გოლი მიითვალა. შირერი დღემდე რჩება პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირად.