პრემიერლიგის კლუბები ოფსაიდის დაფიქსირებისას ახალი წესის შემოღებას ითხოვენ
“თაიმსის” ცნობით, ინგლისის პრემიერლიგის კლუბები მომდევნო სეზონიდან თამაშგარე მდგომარეობის დაფიქსირებისას ახალი წესის შემოღების ინიციატივით გამოდიან. კერძოდ, როდესაც შემტევი და დამცველი თითქმის ერთ ხაზზე იმყოფებიან და ვიდეოგამეორების სისტემა ოფსაიდს აფიქსირებს, შეტევაზე მყოფ ფეხბურთელს ბოლო მცველზე მაქსიმუმ ათი სანტიმეტრით წინ ყოფნის უფლება უნდა ჰქონდეს. ამ სეზონში ასეთი დაშვება რომ ყოფილიყო, ცხრა გოლით მეტი ჩაითვლებოდა.
აღნიშნულ ინიციატივას კრიტიკით უკვე გამოეხმაურა ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი გარი ლინეკერი:
“არასერიოზულია. ათსანტიმეტრიანი ცდომილება? ვინ დაითვლის, ცხრა სანტიმეტრი იქნება, ათი თუ თერთმეტი? წვრილმანებს თავი უნდა ავარიდოთ. ხაზების შეხედვისთანავე დაინახავ, თუ ვინმე თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფება. თუ აშკარა არ არის, ესე იგი თამაშგარე არაა”.