პრემიერლიგის მატჩები ნეიტრალურ სტადიონებზე ჩატარდება
ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში გასამართი 92 მატჩი ნეიტრალურ სტადიონებზე ჩატარდება.
პირველ მაისს პრემიერლიგის წარმომადგენლებს, სამედიცინო ორგანიზაციებსა და კლუბებს შორის ვიდეოკონფერენცია მოეწყო. გუნდებმა ერთხმად გამოხატეს ამ სეზონის ჩამთავრების სურვილი, თუმცა ამისთვის გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ.
“ბიბისის” ცნობით, გათამაშებაში ჩასატარებელი ყველა მატჩი ათ ნეიტრალურ სტადიონზე გაიმართება, რათა არენებთან გულშემატკივართა დიდი რაოდენობით შეკრება თავიდან აირიდონ.
ახალი მოთხოვნები გაჩნდა საწვრთნელი პროცესის ორგანიზების მხრივაც. კერძოდ, ფეხბურთელები ბაზაზე სპორტულ ფორმაში, გამოწყობილები უნდა მივიდნენ, აუცილებელია პირბადეების ტარებაც. ფეხბურთელებს ბაზაზე შხაპის მიღებისა და გამოკვების შესაძლებლობა აღარ ექნებათ. თუ კლუბები ფეხბურთელთა დაპურების გადაწყვეტილებას მიიღებენ, მოთამაშეებს საკვები ავტომობილთან უნდა მიაწოდონ. დასაშვებია მხოლოდ აუცილებელი სამედიცინო დახმარება, თუმცა მედიკოსები სრულად უნდა იყვნენ მომარაგებული საჭირო საშუალებებით. ყველა შეხვედრა უნდა ჩატარდეს ვიდეკონფერენციის ფორმატით.
გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერლიგის გუნდები სრულფასოვან ვარჯიშს 18 მაისიდან დაიწყებენ, უშუალოდ მატჩები კი 8 ივნისიდან განახლდება, თუმცა ოფიციალურად ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დასტურდება.
ბოლო მონაცემებით, გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსით 178 684 პირი დაინფიცირდა. გარდაიცვალა 27 583 ადამიანი.