პრემიერლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე დასახელდნენ
პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების საუკეთესო მოთამაშე და საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი დაასახელა. საუკეთესო მოთამაშედ „ლივერპულის“ თავდამსხმელი ლუის სუარესი დასახელდა, საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად კი – ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველი ედენ აზარი.
ურუგვაელმა ფორვარდმა პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში 31 მატჩი ჩაატარა და 30 გოლი გაიტანა, რაც მერსისაიდულ გუნდს ლიდერობის დაბევებაში დიდად დაეხმარა.
წლის ჯილდოსთვის ბრძოლაში სუარესმა თანაკლუბელებს – დანიელ სტარიჯსა და სტივენ ჯერარდს, აგრეთვე ადამ ლალანას („საუთჰემპტონი“), იაია ტურეს („მანჩესტერ სიტის“) და ედენ აზარს აჯობა („ჩელსი“).
რაც შეეხება აზარს, 23 წლის ბელგიელი ფეხბურთელი ჟოზე მოურინიოს გუნდის ლიდერად მოგვევლინა. როგორც მოგახსენებთ, აზარი სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დასახელდა. მეორე ადგილზე „ლივერპულის“ თავდამსხმელი დანიელ სტარიჯი გავიდა, მესამე პოზიციაზე კი – „საუთჰემპტონის“ ფეხბურთელი ლიუკ შოუ.
შეგახსენებთ, რომ შარშან ორივე ჯილდო „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ ნახევარმცველმა გარეტ ბეილმა მიიღო, რომელიც ამჟამად მადრიდის „რეალის“ ღირსებას იცავს.
ბექა დოგრაშვილი