პრევიუ: საქართველო – ავსტრია
4 სექტემბერს სტარტს იღებს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი. საქართველოს ნაკრები ახალი იმედებითა და მიზნებით ხვდება ამ საკვალიფიკაციო ეტაპს. ჩვენი გუნდი პირველ შეხვედრას 5 სექტემბერს გამართავს “დინამო არენაზე”. ქართველების მეტოქე ავსტრია იქნება…
საქართველო – ავსტრია
მოედანი: “დინამო არენა”, თბილისი
დაწყების დრო: 5 სექტემბერი, 20:00
შეხვედრის მთავარი არბიტრი: ალექსეი კულბაკოვი (ბელორუსია)
საქართველოს ნაკრებისთვის გასული ზაფხული წარმატებული აღმოჩნდა იმ მხრივ, რომ რამდენიმე მოთამაშე შედარებით მაღალი დონის ევროპულ გუნდში გადავიდა. მაგალითად, ოთარ კაკაბაძე “ხიმნასტიკში” გადაბარგდა, ვაკო ყაზაიშვილი კი ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე ვარშავის “ლეგიაში” ითამაშებს. არ უნდა დაგვავიწყდეს აბურჯანიაც, რომელიც ანდალუსიურ “სევილიას” შეუერთდა. კიდევ ერთ სპორტსმენს შეეძლო ქართველი გულშემატკივრების გულის გახარება – ოქრიაშვილი მარსელის “ოლიმპიკთან” ახლოს იყო, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ეს ტრანსფერი არ შედგა. ასევე, კაპიტანი ჯაბა კანკავა ლიგა 2-ში მოასპარეზე “რეიმსში” დარჩა. მოკლედ, ნაკრების წევრების ნაწილში არის კარიერული წინსვლა და წარმატებები, ნაწილში კი არის პრობლემები.
გუნდში არის ახალი ფეხბურთელიც. დავით ხოჭოლავა, ამპლუით მცველია და უკრაინის “ჩერნომორეცში” ასპარეზობს.
ჩვენი ნაკრები ამ შეხვედრაში გამარჯვებისთვის იბრძოლებს, მაგრამ ამის გაკეთებას არც ისე ოპტიმალური შემადგენლობით შეეცდება. ვლადიმერ ვაისის კოლექტივს მთავარი თავდამსხმელი, ლევან მჭედლიძე ვერ დაეხმარება, რომელსაც ტრავმა ჰქონდა და სულ ახლახანს დაასრულა რეაბილიტაციის პროცესი. გარდა ამისა, “სევილიას” მოთამაშემ, გიორგი აბურჯანიამ ვარჯიშზე დაზიანება მიიღო და ნაკრებს გამოაკლდა. კაპიტანს, ჯაბა კანკავასაც ტრავმა აწუხებს. აქვე გეტყვით, რომ გიორგი პაპუნაშვილი 21 წლამდე ნაკრებში გადაიყვანეს. ჩვენი ახალგაზრდული გუნდი 6 სექტემბერს ხორვატიას უმასპინძლებს და სწორედ იმ მატჩისთვის სჭირდება მთავარ მწვრთნელს, გია გეგუჩაძეს “დინამოს” შემტევი.
რაც შეეხება ჩვენს მოწინააღმდეგე გუნდს… ავსტრიის ნაკრებმა ამ ზაფხულზე ევროპის ჩემპიონატზე მიიღო მონაწიელობა და საშინელი შთაბეჭდილება დატოვა: 2 წაგება, 1 ფრე და მეოთხე ადგილი ჯგუფში. ამის შემდეგ გუნდში გარკვეული ცვლიელებები მოხდა. ავსტრიის ნაკრებს ახალი კაპიტანი ჰყავს: იულიან ბაუმგარტლინგერის სახით.
ავსტრია, ფაქტობრივად, დანაკლისის გარეშე ჩამოვიდა თბილისში. გუნდის ლიდერები სრულ მზადყოფნაში არიან. ნაკრების მთავარი ვარსკვლავი მიუნხენის “ბაიერნის” მოთამაშე, დავიდ ალაბაა, რომელსაც რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში. მას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ნებისმიერ მომენტში შექმნას რაღაც საფრთხე ქართველთა კართან. არ უნდა დაგვავიწყდეს სხვა ისეთი სპორტსმენები, როგორებიცაა მარკო არნაუტოვიჩი, იულიან ბაუმგარტლინგერი; ასევე, “ლევერკუზენის” 25 წლის მცველი, დრაგოვიჩი. მოკლედ, ამ გუნდს ყველა რგოლში ჰყავს გამორჩეული მოთამაშე და, ზოგადად, კოლექტივიც შეთამაშებული და შეკრულია.
გუნდების მთავარი მწვრთნელების მატჩისწინა კომენტარები
ვლადიმერ ვაისი: “საკვალიფიკაციო ეტაპი ახლა იწყება. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ პირველი მატჩი წარმატებით ჩავატაროთ. ჩვენს ჯგუფს გამოკვეთილი ფავორიტი არ ჰყავს, ამიტომ ყველა შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.”
“არიან ტარვმირებულები… კანკავა, მჭედლიძე და აბურჯანია ჩვენთვის დიდ დანაკლისს წარმოადგენს, ეს იგივეა, ავსტრია არნაუტოვიჩისა და ალაბას გარეშე რომ იყოს. კაშია ნამდვილად ითამაშებს, მაგრამ რა პოზიციაზე, ამას ჯერ ვერ გეტყვით. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ვფიქრობ, პრობლემები სხვა ნაკრებებსაც აქვთ და შესაძლოა, ხვალ ვერც ავსტრიამ ითამაშოს ოპტიმალური შემადგენლობით.”
მარსელ კოლერი: “ერთი კვირაა, რაც ჩვენი შეკრება დაიწყო. დავინახე, რა დიდი სიხარულით შეუდგნენ ჩვენი ფეხბურთელები ვარჯიშს. ყველას გვინდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვითამაშოთ და ციკლი კარგად დავიწყოთ. ხვალ გამოჩნდება, შევძლებთ თუ არა გამარჯვებას.”
“საქართველოს ნაკრები თავდაჯერებულად თამაშობს. დარწმუნებული ვარ, საკუთარი გულშემატკივრების წინ, მეტოქე შეუტევს. წინა საკვალიფიკაციო ციკლში, მათ რამდენიმე კარგი მატჩი ჩაატარეს. ვიცით, რომ დაცვასაც და შეტევასაც დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ.”
სავარუდო შემადგენლობები
საქართველო: ლორია, ცისკარიძე, ამისულაშვილი, კვერკველია, კაკაბაძე, კაშია, კვეკვესკირი, ოქრიაშვილი, ანანიძე, ყაზაიშვილი, დვალიშვილი.
ავსტრია: ალმერი, კლეინი, პრიოდი, დრაგოვიჩი, ჰინტერეგგერი, ალაბა, ბაუმგარტლინგერი, არნაუტოვიჩი, საბიცერი, იუნოზოვიჩი, ჰარნიკი.