პრეზიდენტის პასუხი: რატომ გაუშვა “საბურთალომ” ცეცაძე?
თბილისის “საბურთალოს” პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გია ცეცაძის გათავისუფლების შესახებ ისაუბრა.
“მე მინდა პირდაპირ ვთქვა, რომ ძალიან სამწუხაროა, რადგან გრძელვადიანი გეგმები გვქონდა. გია ცეცაძე არის გამორჩეული მწვრთნელი და ძალიან კარგი პიროვნება. ის რჩება ჩემ მეგობრად და ამ მეგობრობას ხელს ვერაფერი შეუშლის.”
“ასე ხდება ცხოვრებაში, განსაკუთრებით სპორტულ ცხოვრებაში და გარკვეულ საკითხებზე, რიგი მიზეზების გამო ვერ შევთანხმდით. შესაბამისად, ჩავთვალე საჭიროდ სეზონის დასაწყისშივე მიგვეღო გადაწყვეტილება და შევწყვიტეთ თანამშრომლობა. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვართ თანამოაზრეები ბევრ საკითხში, ბევრი რამ გვაერთიანებს და ჩვენი სურვილი იყო, რომ დიდი ისტორია შეგვექმნა ქართულ ფეხბურთში. უბრალოდ, მიმაჩნია, შიდა სამზარეულო, რომელიც ეხება კლუბს, ფეხბურთელებს, კონკრეტულ საკითხებს, მათ შორის მწვრთნელს, რჩება გუნდში. ჩვენ ერთმანეთს ვუფრთხილდებით და უნდა მივეჩვიოთ, ოჯახიდან ყველა ინფორმაცია გარეთ არ გადის. არამგონია დეტალები საინტერესო იყოს, მთავარი არის, “საბურთალო” არ გადაუხვევს თავის არჩეულ კურსს, ჩვენ გვაქვს ჩვენი მისია და როლი ქართულ ფეხბურთში. ჩავთვალეთ, თუ ეს თანამშრომლობა ამ კითხვებით გაგრძელდებოდა, გარკვეული რისკი იქნებოდა და მეტ საფრთხეში ჩავაყენებდით ერთმანეთს. აქ იყო ხედვებსა, მიდგომებს შორის განსხვავება და არა დიდი განხეთქილება. ეს სამუშაო პროცესია, საფეხბურთო შეკრებას ყოველთვის თან სდევს მაღალი ტემპი და როცა დავინახეთ, რომ რაღაც სხვა სახის პრობლემები შეიქმნა, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ.”
“საქართველოში, პოსტსაბჭოთა სივრცეში ძალიან ცოტა გუნდს ნახავთ, რომელსაც ასეთი ცოტა ცვლილება განუხორციელებია მწვრთნელების კუთხით. ჩვენ გამოვუცხადეთ ნდობა ცეცაძის, ის ნამდვილად იმსახურებდა ამას, მის კვალიფიკაციაში არავის ეჭვი არ ეპარება. გარკვეული ხედვების, ფეხბურთელებთან უთანხმოების გამო ჩვენი თანამშრომლობა არ შედგა”, – განაცხადა ხეჩიკაშვილმა.