პრიმერადივიზიონში სამხელისუფლებიანობა დამყარდა
ესპანეთის პრიმერადივიზიონის 23-ე ტურში „ბარსელონა“ „სევილიას“ ესტუმრა და მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხა, თუმცა მატჩს მასპინძლები იგებდნენ. თამაში ძლიერი წვიმის თანხლებით მიმდინარეობდა.
ანგარიში მე-15 წუთზე „სევილიას“ მცველმა ალბერტო მორენომ გახსნა. კატალონიურმა გუნდმა თამაშში გარდატეხის შეტანა მოახერხა და საბოლოოდ, გამარჯვებაც მოიპოვა. სტუმრები პირველივე ტაიმი დაწინაურდნენ, ჯერ ალექსის სანჩესმა გაიტანა, შემდეგ კი ლიონელ მესიმ. აღსანიშნავია, რომ სანჩესმა გოლი თამაშგარე მდგომარეობიდან გაიტანა, თუმცა მსაჯებმა ეს ვერ შენიშნეს. მეორე ტაიმში „ბარსელონას“ არგენტინელმა ლიდერმა დუბლი გაიფორმა. საბოლოო შედეგი 88-ე წუთზე ფრანჩესკ ფაბრეგასმა დააფიქსირა — 4:1.
„ბარსელონამ“ აქტივში 57 ქულა მოაგროვა და მადრიდის „რეალთან“ და „ატლეტიკოსთან“ ერთად სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა. „სევილია“ 31 ქულით მეშვიდე პოზიციაზე დარჩა.
ესპანეთის პრიმერადივიზიონი
23-ე ტური
„სევილია“—„ბარსელონა“ 1:4 (1:2)
გოლები: მორენო 15′ — ალექსის სანჩესი 34′, მესი 44′, 56′, ფაბრეგასი 88′.
გაფრთხილებები: კარისუ 39′, ფიგეირაში 70′, ჩერიშევი 71′ — სონგი 20′, პედრო 59′, ვიქტორ ვალდესი 68′.
ბექა დოგრაშვილი