პროექტ საფეხბურთო თერაპიის პრეზენტაცია
ფონდი არველაძის ინიციატივით ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს დაიწყო ახალი პროექტი საფეხბურთო თერაპია. პროექტის მიზანი იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებებსა და საზღვრისპირა სოფლებში საფეხბურთო გუნდების ჩამოყალიბება და საფეხბურთო ლიგის ორგანიზებაა.
1 ივნისს პროექტის პრეზენტაცია ქალაქ გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმათა. საფეხბურთო თერაპიის პრეზენტაციას ფონდი არველაძის დამფუძნებლები შოთა და არჩილ არველაძეები, შიდა ქართლის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი რევაზიშვილი და ქალაქ გორის საკრებულოს თავმჯდომარე ილია მეტრეველი დაესწრნენ.
პროექტის პრეზენტაციის შემდეგ საფეხბურთო გუნდებს შორის მინი საფეხბურთო ფესტივალი ჩატარდა, რომელიც ურბნისის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. ურბნისელებმა ფინალურ მატჩში სოფელ ტინისხიდის გუნდი დაამარცხეს და ფონდი არველაძის დაწესებულ ჯილდოს დაეფულნენ. საფეხბურთო ფესტივალში მონაწილეობა მიიღო ჩვენი ფონდის პარტნიორი ორგანიზაციის, საქართველოს სპეციალური ოლიმპიადის გუნდმა.
გამარჯვებული გუნდი ფონდის დამფუძნებლებმა შოთა და არჩილ არველაძეებმა დააჯილდოვეს. ტყუპებმა საფეხბურთო სკოლების მოთამაშეებთან და სტადიონზე მოსულ მაყურებლებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და მსურველებს ავტოგრაფები დაურიგეს.
საფეხბურთო თერაპიას ჩვენი ფონდი ბავშვთა საფეხბურთო სკოლების ასოციაციისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისრის მხარდაჭერით ანხორციელებს.
პროექტის ფარგლებში წლის ბოლომდე დაგეგმილია 50 საფეხბურთო სკოლის გახსნა, სხვადასხვა რეგიონსა და საზღვრისპირა სოფელში. ფონდი არველაძის მიზანია, რომ პროექტში მაქსიმალურად მეტი მოზარდი ჩაერთოს, რათა მათ ჰქონდეთ საშუალება იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით, ითამაშონ ფეხბურთი და მიიღონ სამოქალაქო განათლება.
ფონდი არველაძე საფეხბურთო თერაპიის ფარგლებში მონაწილე გუნდებისთვის, ფეხბურთელებისთვისა და მწვრთნელებისთვის ცნობილი ფეხბურთელებისა და საფეხბურთო სპეციალისტების მასტერკლასების ორგანიზებას უზრუნველყოფს.
ნიკა ჩხეიძე: ”მინდა მადლობა გადავუხადო შიდა ქართლის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი რევაზიშვილსა და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტს დღევანდელი დღის ორგანიზებისთვის. ჩვენი ფონდის სახელით მინდა თითოეული რექტორი. გუნდის მოთამაშეს გისურვოთ, რომ ითამაშოთ დიდი ფეხბურთი, იცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით და გიყვარდეთ თქვენი საქმე.”
შოთა არველაძე: ”მინდა თითოეულ თქვენგანს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან ერთად, პროექტ საფეხბურთო თერაპიის დაწყება მოგილოცოთ. მადლობა ვუხდი ყველას, ვინც გულით მოინდომა რომ დღევანდელი დღე ასეთი ლამაზი ყოფილიყო. იმედი მაქვს თქვენს შორის დღეს მინიმუმ ერთი მსოფლიო დონის ფეხბურთელი დაიბადება, თუ მეტი იქნება რა თქმა უნდა ეს თითოეულ ჩვენგანს უზომოდ გაგვეხარდება. საფეხბურთო თერაპიის მთავარი არსი და მიზანი ფეხბურთის მასობრიობისა და პოპულარობის გაზრდის ხელშეწყობაა. თქვენ გექნებათ საშუალება პროექტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოთ სხვადასხვა სახის სოციალურ და გასართობ ღონისძიებებში, ასევე აიმაღლოთ განათლება და უბრალოდ გახდეთ კარგი მოქალაქეები.”
არჩილ არველაძე: ”ვულოცავ დღევანდელ დღეს ყველა ბავშვს და საფეხბურთო თერაპიაში ჩართული ყველა გუნდის მონაწილეს. ყველას დიდი სურვილი გვაქვს, რომ ამ ბავშვებმა საკუთარი გზა დიდ ფეხბურთში გაიკვლიონ. ამ სურვილის მიღმა მინდა ვისაუბრო ამ პროექტის შესახებ. ჩვენი მთავარი მიზანია საფეხბურთო თერაპიაში მონაწილე ბავშვებმა იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით, აქტიურად ჩაერთონ სოციალურ და გასართობ ღონისძიებებში, მიიღონ კარგი განათლება და უყვარდეთ საკუთარი საქმე. ეს არის ამ პროექტის მთავარი მიზანი და სასიხარულო იქნება, თუ ამ მიზნის მიღწევასთან ერთად რომელიმე მათგანი დიდ ფეხბურთსაც ითამაშებს.”
წყარო: ფონდი არველაძე