“პსჟ” “დორტმუნდს” ჰოლანის სანაცვლოდ სოლიდურ თანხას სთავაზობს
“პარი სენ-ჟერმენი” დორტმუნდის “ბორუსიადან” ერლინგ ჰოლანის გადმობირების თაობაზე მოლაპარაკებას აქტიურად აწარმოებს. პარიზელებს იმედი აქვთ, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ნორვეგიელ თავდამსხმელს 200 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატებენ.
ESPN-ის ცნობით, პარიზელები 21 წლის ნორვეგიელი ფეხბურთელის ტრანსფერისთვის საჭირო თანხის გამომუშავებას კილიან მბაპეს გაყიდვით გეგმავენ. ამ უკანასკნელის დამატებით აქტიურად არის დაინტერესებული მადრიდის “რეალი”.
“დორტმუნდსა” და ჰოლანს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებაში ნორვეგიელი ფეხბურთელის კონტრაქტის გამოსასყიდ თანხად 75 მილიონი ევროა მითითებული. აღნიშნული პუნქტი მომავალი წლის ზაფხულში ამოქმედდება. ეს გარემოება გერმანულ კლუბს აიძულებს, რომ ჰოლანი გაცილებით სარფიანად წელსვე გაყიდოს.
შეგახსენებთ, რომ ერლინგ ჰოლანი “დორტმუნდის” ღირსებას 2020 წლის იანვრიდან იცავს. მან გასულ სეზონში ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად 41 მატჩი ჩაატარა, 41 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი “ტრანსფერმარკტი” ჰოლანის სატრანსფერო ღირებულებას 130 მილიონ ევროდ აფასებს.