“პსჟ”-მა სტუმრად “მანჩესტერ იუნაიტედი” ორბურთიანი უპირატესობით დაამარცხა (ვიდეო)
უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის პირველი მატჩი გაიმართა. “ოლდ ტრაფორდზე” ჩატარებული შეხვედრა პარიზელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.
მართალია, წილისყრის დროს წყვილის მთავარ ფავორიტად “პარი სენ-ჟერმენი” მიიჩნეოდა, თუმცა ედინსონ კავანისა და ნეიმარის არყოფნამ ერთი შეხედვით შანსები გაათანაბრა. თუმცა, დიდი დანაკლისის მიუხედავად პარიზელებმა მაინც შეძლეს სასურველი შედეგის დადება.
შეხვედრის პირველი ნახევარი მეტწილად დაზვერვით ხასიათს ატარებდა. ორივე გუნდი ცდილობდა, რომ მეტოქის სუსტი მხარეები შეესწავლა და დაცვაში შეცდომები არ დაეშვათ. შესაბამისად, გოლიც არ გასულა – 0:0.
შეხვედრის მეორე ნახევარში “ოცნებების თეატრზე” შეკრებილმა პუბლიკამ უფრო გახსნილი ფეხბურთი იხილა. ანგარიში შეხვედრის 53-ე წუთზე კიმპემბემ გახსნა, რასაც რამდენიმე წუთში კილიან მბაპეს დამაგვირგვინებელი გოლი მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვეაში საგოლე გადაცემის ავტორი ანხელ დი მარია გახდა.
ტაიმის მიწურულს დაუფიქრებლად ითამაშა პოლ პოგბამ, რომელსაც უკვე მიღებული ჰქონდა ერთი ყვითელი ბარათი და მატჩის მთავარმა არბიტრმა მას მოედანი დაატოვებინა. შეიძლება ითქვას, რომ ამით ფრანგმა ვარსკვლავმა “მანჩესტერ იუნაიტედის” ფანებს განმეორებითი მატჩის წინ ყველანაირი იმედი მოუკლა.
წყვილის საპასუხო მატჩი პარიზში, 6 მარტს გაიმართება.
ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (I მატჩი)
“მანჩესტერ იუნაიტედი” — “პარი სენ-ჟერმენი” 0:2 (0:0)
გოლები: კიმპემბე 53, მბაპე 60.
გაძევება: პოგბა 89′.