“პსჟ” ფედერაციას დაუპირისპირდა: “მბაპეს დაინფიცირების შესახებ მედიისგან შევიტყვეთ”
“პარი სენ-ჟერმენის” სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია გააკრიტიკა იმის გამო, რომ კილიან მბაპეს კორონავირუსით დაინფიცირების შესახებ ინფორმაცია კლუბს არ მიაწოდა. ფეხბურთელი საფრანგეთის ნაკრების ბანაკში იმყოფებოდა, როდესაც მას Covid-19 დაუდასტურდა.
“ჩვენი ერთ-ერთი ფეხბურთელის დაინფიცირების შესახებ მხოლოდ მედიისგან შევიტყვეთ. ფედერაციიდან არავინ შეგვხმიანებია. ასეთი მიდგომა მიუღებელია. მათ მხოლოდ განცხადება გაავრცელეს და ფეხბურთელი შინ გაუშვეს.
ყველა “პსჟ”-ს უკითხავს ლექციებს, თითქოს ჩვენ ცუდად ვმართავთ კლუბს. როდესაც ასეთი რამ ხდება, ისევ “პსჟ”-ს უწევს პრობლემებთან გამკლავება, მიუხედავად იმისა, ვიცით თუ არა ამის შესახებ. ყოველთვის ჩვენ გამოვდივართ დამნაშავეები.
ეს ფედერაციის მხრიდან კლუბის მიმართ გამოვლენილი უპატივცემულობაა. არავინ შეგვეხმიანა. ჩვენ მხოლოდ მბაპესთან გვქონდა კომუნიკაცია”, – ლეონარდოს კომენტარს Goal-ი აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ მანამდე კორონავირუსი ნეიმარს, მაურო იკარდის, ანხელ დი მარიას, ლეანდრო პარედესსა და გუნდის კიდევ ორ მოთამაშეს დაუდგინდა, რომელთა ვინაობაც არ სახელდება. ამ გარემოების გამო 10 სექტემბერს “ლანსთან” ჩანიშნული მატჩი შესაძლოა, გადაიდოს.