პულიშიჩი: “ჩემი შთაგონების წყარო ლებრონ ჯეიმსია”
დორტმუნდის “ბორუსიასა” და აშშ-ს საფეხბურთო ნაკრების წევრი, კრისტიან პულიშიჩი საკმაოდ საინტერესო განცხადებას აკეთებს, რომლის მიხედვითაც, მისი შთაგონების წყარო არა რომელიმე ლეგენდარული ფეხბურთელი, არამედ “კალათბურთის მეფე”, ლებრონ ჯეიმსია.
“ლებრონ ჯეიმსი ყოველთვის უდიდესი იყო ჩემთვის – უბრალოდ ძალიან მიყვარს მისი თამაშების ნახვა. მე მისი დიდი ფანი ვარ და ჩემი შთაგონების წყაროც სწორედ ის არის. სადაც არ უნდა იყოს, მე მას ვგულშემატკივრობ.
კალათბურთი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სპორტია. სკოლაში ყოფნისას, როდესაც პენსილვანიაში ვსწავლობდი, ყოველდღე ვთამაშობდი მეგობრებთან ერთად.
ბავშვობაში, ერთ-ერთ ტურნირშიც მივიღე მონაწილეობა. ზუსტად არ მახსოვს, რომელ კლასში ვიყავი. საკმაოდ კარგად ვითამაშე, თუმცა, ფეხბურთში ყოველთვის უკეთესი ვიყავი და არჩევანი სწორედ მასზე გავაკეთე,” – აცხადებს პულიშიჩი.