ქართულ გუნდებს ამხანაგური მატჩების გამართვა სურთ, მაგრამ…
ეროვნული ლიგა 25 ივნისს განახლდება და თითოეულმა ფეხბურთელმა უკვე განაახლა ვარჯიში, თუმცა სრულად ვარჯიშის განახლება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.
25 ივნისამდე ზუსტად 3 კვირა არის დარჩენილი და გუნდური ვარჯიშები 1 კვირის შემდეგ დაიწყება. 11-12 ივნისს კლუბები საკარანტინო სივრცეში გადავლენ და ჩემპიონატის დასრულებამდე საკარანტინო სივრცის დატოვების უფლება აღარ ექნებათ.
“დინამოს”, “საბურთალოსა” და სხვა გუნდების მწვრთნელებმა ამხანაგური მატჩების გამართვის სურვილი გამოთქვეს, მაგრამ ამის განხორციელებას წინ ბევრი ბარიერი უდგას.
იმ დროს, როცა მაქსიმუმ 10-კაციანი ჯგუფით არის ვარჯიში დაშვებული, თამაშის ჩატარება, რომელსაც მინიმუმ 40-50 კაცის შეკრება და ფეხბურთელთა კონტაქტური შეხება მოყვება, პრაქტიკულად წარმოუდგენელია. ხოლო, 2-კვირიანი საკარანტინო სივრცის დატოვება აკრძალული იქნება გამონაკლისი შემთხვევების გარდა, რაშიც ამხანაგური შეხვედრის ჩატარება არ იგულისხმება.
ელიგის განახლებიდან პირველ თამაშს სწორედ “საბურთალო” და “დინამო თბილისი” 25 ივნისს 18 საათზე მიხეილ მესხზე გამართავენ.