ქართული გუნდები სახელმწიფოსგან თანხას ვეღარ მიიღებენ?
კორონა ვირუსის გამოწვეული კრიზისიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობას ძალიან ბევრი ხარჯის შემცირება მოუწევს და შესაძლოა, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსებაც შეწყდეს ან შემცირდეს.
იმ ფონზე, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ ფეხბურთი მხოლოდ კერძო ბიზნესიდან უნდა ფინანსდებოდეს და სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს, ეკონომიკური პრობლემების წარმოჩენისთანავე, ეს საკითხი კიდევ უფრო გააქტიურდება. შეიძლება, კრიზისის გამო ფეხბურთის დაფინანსებას ნაკლები პრიორიტეტი მიენიჭოს და სახელმწიფომ გეზი სოციალური პროექტებისკენ აიღოს.
ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი 2021 წელს ასრულებს არსებობას და 3-4 წლის განმავლობაში, რაც ეროვნული ლიგის გუნდები ფინანსდებიან, ვერცერთმა მათგანმა ვერ შეძლო ევროთასებზე გასვლა. 2016 წლიდან პროგრესი აშკარად შეიმჩნევა, მაგრამ იმ თანხის სანაცვლოდ, რასაც კლუბები იღებენ, გაცილებით მეტის მიღწევაც შეიძლება. თბილისის “დინამომ” ფონდისგან გასულ სეზონში 3 მილიონი ლარი მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ფონდისგან მიღებული თანხების უდიდესი ნაწილი ხელფასებზე და შეკრებებზე იხარჯება, მინიმალურია ხარჯვითი წილი საფეხბურთო განათლებასა და აკადემიაზე. ორგანიზაცია “ფლანგვის დეტექტორის” მოსაზრებას, რომ ფეხბურთის სახელმწიფო დაფინანსება განახევრდეს და 17 მილიონი ლარი 34 000 სოციალურ დაუცველზე 500 ლარით გადანაწილდეს, დიდი გამოხმაურება მოყვა. საკმაოდ დიდი ნაწილი ამ პირობებში სახელმწიფო დაფინანსების გაუქმებასაც კი უჭერს მხარს.
რთული სათქმელია რამდენ ხანს გასტანს ეს კრიზისი და რა მძიმე შედეგებს მოიტანს ქვეყნისთვის. იმედია, უეფა, ფიფა და სხვადასხვა საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციები გარკვეულ დონაციებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვისაც გამოყოფს. ფედერაციის პრეზიდენტი ამავდროულად პარლამენტის წევრია და მაქსიმალურად შეეცდება გუნდებს ფინანსები შეუნარჩუნოს, მაგრამ მთავარია ფონდის თანხა სახელმწიფოს სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის არ დასჭირდეს.