ქართული ლეგიონი: ჩაკვეტაძის დებიუტი, კვირკველიასა და მერებაშვილის გამარჯვება
სანაკრებო პაუზამდე დატვირთული საფეხბურთო ვიიქენდი გამოვიდა ქართველი ფეხბურთელებისათვის.
მას შემდეგ, რაც “დინამოს” აკადემიის აღზრდილი გიორგი ჩაკვეტაძე “გენტში” გადავიდა, ძირითადი გუნდის რიგებში პირველად ვიხილეთ. გიორგი მოედანზე 82-ე წუთზე გამოჩნდა, მისი კლუბი კი, “ბრიუგესთან” 2-1 დამარცხდა.
რუსეთის პრემიერ ლიგაში გამართულ მეთორმეტე ტურში “ლოკომოტივმა” “დინამოს” უმასპინძლა და 2-0 დაამარცხა, ამ შეხვედრაში 90 წუთი გაისარჯა ქართველი ფეხბურთელი სოლომონ კვირკველია. ასევე “უფას” სასტარტოში იყო მეორე ქართველი ცენტრალური მცველი ჯიმი ტაბიძე, რომელმაც ასევე, სრული შეხვედრა ჩაატარა. სამწუხაროდ “ანჟის” სათადარიგოთა შორის დარჩა ქართველთა კიპერი გიორგი ლორია, რომელსაც არა და არ ეძლევა თამაშის საშუალება.
პოლონეთის ექსტრაკლასის მეთერთმეტე ტურში მერებაშვილის “პლოკმა” “ტერმალიცას” უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 1-0 დაამარცხა. ქართველმა ათიანმა მოედანზე 90 წუთი გაატარა და თავის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.
ჰოლანდიაში “ვიტესის” შემადგენლობაში იყო გურამ კაშია. არნემელთა კაპიტანმა სრული შეხვედრა ჩაატარა და “უტრეხტთან” ფრედ 1-1 ითამაშა. “ვიტესი” ამ შეხვედრის შემდეგ 14 ქულით მესამე ადგილზეა.