ქართველებმა მაკედონიამდე ივარჯიშეს
საქართველოს ნაკრებს დღეს ძალიან პრინციპული მატჩი ესლის. მაკედონიასთან მატჩს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. პროგრამა მინიმუმი 4 ქულით გამარჯვებაა, ხოლო მაქსიმუმი 4-ზე მეტით მოგება. თუკი იგორ კოკოშკოვის გუნდმა დასახულ მიზანს მიაღწია, ბოლო ტურის მატჩებზე ვიქნებით დამოკიდებული, რომელშიც ერთმანეთს მაკედონია-სლოვენია და ჰოლანდია-საბერძნეთი ხვდებიან. აღნიშნულ მატჩებში ქართველების კონკურენტმა ჰოლანდიამ და მაკედონიამ ვერ უნდა გაიმარჯვონ და საქართველო მომდევნო ეტაპზე გავა.
საქართველოსთვის ყველაფერი აზრს კარგავს, თუკი დღეს მაკედონია მინიმუმ 4 ქულით არ დავამარცხეთ. ასეთი პრინციპული მატჩისთის ქართველები განსაკუთრებით ემზადებიან. იგორ კოკოშკოვმა და მისმა ასისტენტებმა ნაკრები „ციბონას“ დარბაზში ავარჯიშეს, სადაც ძირითადი დრო კომბინაციების დახვეწას დაეთმო. ვარჯიშმა დიდ ხანს არ გასტანა – მცირე გაწელვები, კომბინაციები და ფარში 5-10 წუთი სროლა – ეს იყო და ეს.
ვარჯიშიდან გამოსულ საქართველოს ნაკრების კალათბურთელებს ავტობუსთან ქართველი გულშემატკივრები დახვდნენ. შეკრებილებმა თანამემამულე კალათბურთელებს მოგება უსურვეს, გაამხნევეს და მათთან სურათები გადაიღს. სასტუმროში დაბრუნებულ საქართველოს ნაკრებს მწვრთნელებმა ვიდეო-გაკვეთილი ჩაუტარეს, სადაც მეტოქის თამაშის დეტალები განიხილეს.
მაკედონიის ნაკრებმა დღეს დილას დანიშნული ვარჯიში გააუქმა. ევრობასკეტზე ჩვენსა და მაკედონიისთვის ყველაზე პრინციპული შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე, „ზაგრებ-არენაში“ გაიმართება.