“ქართველებს გაოცებისაგან თვალები გაუფართოვდათ” – რა გააკეთა ნადალმა საქართველოს ნაკრების მოგების შემდეგ
რაფაელ ნადალმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ის დიდ ჩოგბურთელთან ერთად დიდი პიროვნებაცაა.
6 იანვარს, ATP CUP-ზე საქართველოს ნაკრები იაპონიას დაუპირისპირდა. წყვილებში, ალექსანდრე ბაკშმა და ზურა ტყემალაძემ ბენ მაკლაჩლანი და ტოშიჰიდე მაცუი ორ სეტში 6:2, 6:4 დაამარცხეს.
სანამ ესპანეთი-ურუგვაის შეხვედრა დაიწყებოდა, საქართველო-იაპონიის დაპირისპირებას თვალი რაფაელ ნადალმა მიადევნა. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ქართველ ჩოგბურთელებს გამარჯვება მიულოცა და მათ მიმართ პატივისცემა გამოხატა.
Amazon Prime-ის ჟურნალისტი სემ სმიტი საინტერესო ამბავს ჰყვება:
“ორი ახალგაზრდა ქართველი ბიჭი, ისინი რეიტინგშიც კი არ არიან. მათ, ყველასათვის მოულოდნელად, იაპონია დაამარცხეს. რაფა მათთან მივიდა და შეაქო. ნადალმა ამ ბიჭებთან ერთად სელფი გადაიღო, შემდეგ კი მათი ოჯახებისათვის ვიდეოც ჩაწერა. მათთან ისაუბრა, ქართველებს გაოცებისაგან თვალები გაუფართოვდათ. რაფამ ახალგაზრდა ქართველ ბიჭებს მისი დღის 15-20 წუთი დაუთმო. მათ ამის არც კი სჯეროდათ. თუმცა, ეს რაფაა”, – ციტირებს სემ სმიტის სიტყვებს express.co.uk.