ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს იმსაჯებენ
7 ნოემბერს, უეფას ევროპა ლიგის მეოთხე ტურის მატჩები გაიმართება. სენტ გალენის კიბუნპარკზე შვეიცარიული “ლუგანო” შვედურ “მალმიოს” უმასპინძლებს. 12-წლიანი პაუზის შემდეგ უეფას ევროტურნირის ჯგუფური ეტაპის შეხვედრას ქართველი მსაჯები მოემსახურებიან. მთავარი არბიტრი, გიორგი ყრუაშვილი იქნება, მას ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია გაუწევენ, მეოთხე მსაჯი კი, გიორგი ვადაჭკორიაა.
უეფას ევრო ტურნირების ჯგუფურ ეტაპზე ქართველმა მსაჯებმა ბოლო შეხვედრა 2007 წლის 29 ნოემბერს იმსაჯეს. ჰოლანდიური “ალკმაარისა” და ბერძნული “ლარისას” დაპირისპირება ლევან ფანიაშვილმა განსაჯა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი არბიტრი, გიორგი ყრუაშვილი ფიფას სამსაჯო კლასიფიკაციაში 2019 წელს დაწინაურდა. ქართველი მსაჯი ფიფას მეორე კატეგორიის არბიტრებს შეუერთდა. ქართული ფეხბურთის ისტორიაში გიორგი ყრუაშვილი მეორე არბიტრია ლევან ფანიაშვილის შემდეგ, რომელმაც ფიფას სამსაჯო კლასიფიკაციაში აღნიშნულ დონეს მიაღწია.