ქართველი მწვრთნელი აქტიურ ფეხბურთს დაუბრუნდა და კეივის “არსენალში” ჩაირიცხა
რამდენიმე თვის წინ უკრაინაში მოთამაშე 1997 წელს დაბადებულ ლევან მაჭარაშვილზე ვწერდით, რომელიც “ობოლონის” ღირსებას იცავს და კიეველები მასზე დიდ იმედებს ამყარებენ. უკრაინის დედაქალაქის კიდევ ერთ კლუბში, “არსენალში” ლევანის ძმა, 21 წლის სერგი მაჭარაშვილი ჩაირიცხა, რომელიც ფეხბურთს 3 წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და უკრაინელთა მოწონებაც დაიმსახურა.
“ფეხბურთის თამაში თემურ ფოცხვერიასთან დავიწყე, სადაც გიორგი ჭანტურია, ვაკო ყაზაიშვილი და სხვა გამორჩეული ფეხბურთელები ჩემი თანაგუნდელები იყვნენ. შემდეგ ჩვენი გუნდი დაიშალა და გიორგი დევდარიანთან მოვხვდი. სწორედ ამ დროს მომიწია 17-წლამდელთა ნაკრებში თამაში, თუმცა საკმაოდ მძიმე ტრავმა მივიღე და ეს შესაძლებლობა ვერ გამოვიყენე. სამკურნალოდ დიდი დრო დამჭირდა, რის შემდეგაც “დინამოს” დუბლებში მიმიღეს, სადაც რამაზ მუმლაძე იყო მთავარი მწვრთნელი. “დინამოში” ერთი სეზონი ვითამაშე და კარიერის გასაგრძელებლად პირველი ლიგის “ზოოვეტში” გადავედი, სადაც კვლავ მძიმე ტრავმა მივიღე და ოპერაცია დამჭირდა. სამწუხაროდ, ტრავმა იმდენად მძიმე იყო, რომ ფეხბურთზე გული ამიცრუვდა.”
ტრავმებით გაწამებულმა 18 წლის მაჭარაშვილმა ფეხბურთზე უარი ვერ თქვა და საკამოდ ახლგაზრდულ ასაკში მწვრთნელობის დაწყება გადაწყვიტა.
“გამოჯანმრთელების შემდეგ საფეხბურთო კლუბ “საბურთალოდან” დამიკავშირდნენ და თემურ ფოცხვერიასთან ერთად 2000-წლიანების გუნდის ჩაბარება შემომთავაზეს, რასაც სიამოვნებით დავთანმხდი. მოგვიანებით თემურმა ინდივიდუალური ცენტრი გახსნა და იქაც ვეხმარებოდი. “საბურთალოში” კი ვალერი გაგუასთან ერთად ვავარჯიშებდი ახალგაზრდულ გუნდებს.
ჩემი სამწვრთნელო კარიერა 3 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. თუმცა, ოჯახის წევრების და განსაკუთრებით ბიძაჩემის დაჟინებული თხოვნით ვარჯიში დავიწყე და კიევში მაკაროვის ტურნირზე წავედი სათამაშოდ, რის შემდეგაც კიევის “არსენალის” დუბლებში სინჯებზე მიმიწვიეს.”
კიევში გამგზავრება აქტიურ ფეხბურთში დაბრუნებული მაჭარაშვილისთვის წარმატებული აღმოჩნდა. ქართველმა ნახევარმცველმა “არსენალის” დუბლებში საკუთარი შესაძებლობები კარგად წარმოაჩინა და პირველ გუნდში დაწინაურდა.
“დუბლებში გატარებული სამი თვის შემდეგ უკვე ორი კვირაა, რაც პირველ გუნდში დამაწინაურეს. ამ ეტაპზე თამაშები არ მიწევს, რადგან განაცხადი უკვე შევსებულია და მეც საბუთების პრობლემა მაქვს მოსაგვარებელი. თუმცა, იმედები მაქვს, რადგან გუნდში დამტოვეს.”
კიევში მყოფ ჩვენებურთან საუბრისას შესაძლებლობა ხელიდან არ გავუშვით და საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებზეც ვკითხეთ, რომელიც უკრაინელ თანატოლებს ამ დღეებში ორჯერ ესპარინგა.
“პირველი შეხვედრა თანაბარი გამოდგა და ფრედ 0:0 დასრულდა. ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ ცოტა დააკლდათ გამარჯვების მოსაპოვებლად. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ტაქტიკურად ჩვენი ფეხბურთელები უფრო გამოირჩეოდნენ და ბურთს მოწინააღმდეგის ნახევარზე კარგად იჭერდნენ. გარდა ამისა, ძალიან ძლიერები ვართ კონტრშეტევებზე თამაშისას. უკრაინელთა შემადგენლობაში კი ბექა ვაჩიბერაძე გამოირჩეოდა, რომელმაც რეალური მომენტი ვერ გამოიყენა და ბურთი ძელს გაარტყა.
მეორე მატჩი კი სამწუხაროდ 3:0 წავაგეთ. უკრაინელებმა მეტი ჟინი და მონდომება გამოიჩინეს, რაც შედეგზეც აისახა. სამწუხაროდ, ბევრი შეცდომა გვქონდა. შეიმჩენოდა, რომ უკრაინელები ფიზიკურად ჩვენზე ბევრად ძლიერები არიან.