ქართველმა 20–წლამდელებმა გუნდური თამაშით ავსტრია 17 ქულით გაანადგურეს
საქართველოს 20–წლამდელთა ნაკრების პირველი გამარჯვება ბოსნიაში, სადაც ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონის მატჩები მიმდინარეობს. დავით უსტიაშვილის გუნდმა ის გუნდი დაამარცხა, რომელმაც გუშინ, პირველ ტურში შვეიცარია 24 ქულით გაანადგურა. ქართველებმა ავსტრიას სძლიეს და ეს დამაჯერებლად , 17 ქულის სხვაობით მოახერხეს.
მატჩი მთლიანობაში დაძაბული იყო, რაკი ბოლო პერიოდში სხვაობა მხოლოდ 3 ქულა (50:47) იყო, მაგრამ ქართველების დამაჯერებელი და რაც მთავარია, გუნდური თამაშის წყალობით ყველაფერი კარგად დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა კარგად დაიწყო და 14:7 დაწინაურდა, თუმცა პირველი პერიოდის დარჩენილ 3 წუთში ბურთი ვეღარ ჩააგდო და პერიოდი 14:17 დათმო.
მეორე მეოთხედიდან ქართველები გუნდურად ათამაშდნენ, რაც წარმატების უმთავრესი საწინდარი გახდა. გუშინ, ფინეთთან მატჩში ბექა ბურჯანაძემ 21 ქულა და 19 მოხსნა დააგროვა, თუმცა თანაგუნდელთაგან 10–ქულიან ზღვარსაც ვერავინ მიაღწია და წაგებაც გარდაუვალი გახდა. დღეს კი ქართველები გუნდურად გაისარჯნენ და შედეგიც სახეზეა.
ჩვენი ნაკრების წინამძღოლი ისევ ბურჯანაძე იყო, რომელმაც შეხვედრა 25 ქულა–14 მოხსნით დაასრულა, თუმცა გუნდის მოტორს ირაკლი მიქელაძე წარმოადგენდა, რომელმაც თავად ხომ 19 ქულა ჩააგდო, 9 შედეგიანი გადაცემა გასცა და ბურთი 7–ჯერ მოხსნა. ყველაზე საჭირო მომენტში, ბოლო პერიოდში, მიქელაძის ზუსტი გარღვევები და გამოზომილი პასები ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა გამარჯვების მოპოვების საქმე.
აღსანიშნავია, რომ ქართველებმა მძლავრად ჩაატარეს მეორე პერიოდი, რომელიც 10 ქულით მოიგეს და ხელჩასაჭიდი ლიდერობა მოიპოვეს. მესამე პერიოდში დიდი ბრძლა გაიმართა, რომელშიც ქართველებმა ავსტრიელებს საშუალება არ მისცეს, თამაშში გარდატეხა შეეტანათ. ბოლო პერიოდის წინ ქართველების ლიდერობა მხოლოდ 5 ქულას შეადგენდა, რაც მალევე 3 ქულამდე შემცირდა. გადამწყვეტ მომენტში ქართველებმა გუნდურობა გამოავლინეს და მიქელაძის, ბურჯანაძის, ცირეკიძის და კვანტალიანის შედეგიანობით სოლიდურ ლიდერობას და ამას მოყოლილ 17–ქულიან გამარჯვებას მიაღწიეს.
დღესვე, ჩვენს ჯგუფში ბელარუსმა უკრაინა გაანადგურა. უკრაინა კი ის გუნდია, გუშინ ჰოლანდიას რომ სძლია. დღესვე უკრაინამ შვეიცარია გაანადგურა. ერთი სიტყვით, ყველაფერი წინაა და ის, თუ ვინ გავა ჯგუფიდან, ბოლო ტურებისკენ გაირკვევა. შეგახსენებთ, რომ ჯგუფი 7–გუნდიანია და საუკეთესო 2 მათგანი ნახევარფინალში გადის.
საქართველოს ნაკრები ხვალ, თბილისის დროით 19:00 საათზე უკრაინას დაუპირისპირდება.
ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. ბოსნია. 11ივლისი
ავსტრია 55:72 საქართველო
17:14, 7:17, 17:15, 14:26
საქართველო: ბურჯანაძე (25ქ, 14მ, 4ჩ), ბოლქვაძე (3), ლილუაშვილი, ტომარაძე, გოგოძე (2), მიქელაძე (19ქ, 7მ, 9პ), კვანტალიანი (10ქ), ცირეკიძე (11), აბულაძე (2), სანაძე, მირზიაშვილი
სრული სტატისტიკა: http://u20men.fibaeurope.com/enDivB/
gbf.ge