ქართველმა გოგონებმა ამჯერად ჩეხებთან წააგეს

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა მეორე მატჩი გამართა 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე და ისევ დამარცხდა. ჩვენები თბილისში, „მიხეილ მესხის“ არენაზე 0:3 დამარცხდნენ ჩეხებთან.
ანგარიში ვერ ასახავს იმ უპირატესობას, რასაც ჩეხეთის ნაკრები მტელი მატჩის განმავლობაში ფლობდა. პირველ ტაიმში ქართველები მეტნაკლებად ახერხებდნენ მეტოქის ნახევარზე გადასვლას, მაგრამ მეორე ტაიმში ესეც ვერ ხერხდებოდა.
ამის მთავარი მიზეზი ალბათ ის იყო, რომ პირველი ტაიმის ბოლოს მოედნიდან გააძევეს ნაკრების კაპიტანი და ერთ–ერთი წამყვანი ფეხბურთელი ტატა მატვევაა, რომელიც მსაჯთან კამათისთვის დაისაჯა ასე მკაცრად. თუმცა, შეტევებში ხეირიანი არც მანამდე გამოგვდიოდა და მეორე ტაიმი უკვე მთლიანად ანგარიშის შენარჩუნებაზე იყო კონცეტრირებული. ასე გაგრძელდა 69–ე წუთამდე.
ჩლასტაკოვას დარტყმული ბურთი ნადირაშვილს ხელში გაუძვრა და ზედ ხაზზე ვონკოვამ დაამატა.
ეს იყო ნადირაშვილის პირველი შეცდომა მატჩში, მანამდე კი კარგად გაისარჯა. სულ ქართველ მეკარეს 11 სეივი ჰქონდა. შემდეგი ორი ბურთი კი ჩეხებმა თავით გაგვიტანეს. ორივეჯერ მარტინკოვამ იხეირა.
გადავხედოთ სტატისტიკას: ბურთის ფლობის ზუსტი პროცენტული მაჩვენებელი არ ვიცით, მაგრამ ჩეხები 75–80 % მაინც აკონტროლებდნენ ბურთს. კარში 14–ჯერ დაარტყეს, ჩვენებმა ერთხელ და ისიც ბოლო წუთზე. ჩეხებმა 13 კუთხური მოაწოდეს, ჩვენებს ერთიც არ მოუწოდებიათ.