ქეცბაია: “არ მინდა, ის დაჩაგვრა, რაც მე გამოვიარე, სხვა ფეხბურთელებმა იგრძნონ”
კვიპროსული “ანორთოსისის” მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ “ნიუკასლის” რიგებში გატანილი გოლის შემდეგ მისი ლეგენდარული აღნიშვნა ისევ გაიხსენა. ქეცბაია ამბობს, რომ მას არ სურს მსგავსი დაჩაგვრა მისმა მოთამაშეებმა როდესმე იგრძნონ.
“ის რომ არ ვყოფილიყავი, რაც ვარ, ვერაფერს ვერ მივაღწევდი. შეიძლება ჩემმა ემოციურობამ ბევრ რაღაცაში ხელი შემიშალა, მაგრამ მე ეს ვარ. რაც მე გამოვიარე, დიდი გაკვეთილი იყო, როგორც მწვრთნელისთვის. ის გულისწყვეტა და დაჩაგვრა, რაც მე გამოვიარე, არ მინდა, რომ სხვა ფეხბურთელებმა იგრძნონ.
ის გოლი ისეთ მომენტში გავიტანე, როცა არ მსურდა. არ ვამბობ, რომ იმ მომენტით ვამაყობ, მაგრამ იმ მომენტმა ხალხს დაანახა, რომ მე გულდაწყვეტილი ვიყავი და თამაში მინდოდა. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა არის პრემიერ ლიგა. იქ იყო და სკამზე იჯდე, ეს არის დასჯა. გოლი რომ გავიტანე, ეს მთელი ემოცია ამომივიდა. ბევრი იძახოდა, რომ ამისთვის დამსჯიდნენ, მაგრამ პირიქით – სამწლიანი კონტრაქტი გამიფორმეს”, – განაცხადა ქეცბაიამ მთავარი არხის ეთერში.
Temuri Ketsbaia ripping his shirt off and kicking the ad boards after his 90th-minute winner for Newcastle still baffles us! 😲 pic.twitter.com/DhPlXeONqA
— Football Daily (@footballdaily) April 13, 2020