ქეცბაია: „ესპანეთთან გამარჯვება გვინდა, თუმცა ფრეც კარგი შედეგი იქნება“
მოგეხსენებათ, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები უკანასკნელ მატჩს 15 ოქტომბერს, ესპანეთში გამართავს. „ჯვაროსანთა“ მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია იმედს გამოთქვამს, რომ ქართველი ფეხბურთელები „ფურია როხას“ ქულას აართმევენ.
„ვფიქრობ, რომ ესპანეთის ამჟამინდელი ნაკრები ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო გუნდია. უკანასკნელი ექვსი წლის მანძილზე ესპანელებმა ყველაფერი მოიგეს. ესპანეთის ნაკრები კიდევ დიდი ხნის განმავლობაში დარჩება უძლიერეს გუნდად. გვინდა, რომ სამშაბათს გავიმარჯვოთ, თუმცა ფრეც კარგი შედეგი იქნება. სიტყვებით ვერ აღვწერ იმ განცდას, რაც მსოფლიოს ჩემპიონის დამარცხების შემთხვევაში დაგვეუფლება“, – ქეცბაიას სიტყვები „როიტერმა“ გამოაქვეყნა.
ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის მატჩი ალბასეტეში მდებარე „კარლოს ბელმონტეზე შედგება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს სტარტს.