ქეცბაია: “რთულია თქმა, რა სხვაობით შეიძლება, გიბრალტარის ნაკრები დავამარცხოთ”
ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე მატჩს საქართველოს ეროვნულ გუნდი სამხრეთ პორტუგალიაში ჩაატარებს, სადაც ჯგუფის გამოკვეთილ აუტსაიდერ გიბრალტარის ნაკრებს დაუპრისპირდება. ყველა ფეხბურთელი, რომელიც თემურ ქეცბაიამ ამ შეხვედრისთვის გამოიძახა ჯანმრთელადაა. ქეცბაიამ და ნაკრების დებიუტანტმა ლაშა დვალმა მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხეს.
“გიბრალტართან აუცილებლად მოსაგები თამაშია და ეს ყველამ კარგად იცის, – ციტირებს ქეცბაიას სიტყვებს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი. – სამწუხარო ის არის, რომ უშუალო კონკურენტებთან ირლანდიასთან და შოტლანდიასთან ქულების აღება ვერ მოვახერხეთ და მინიმალური სხვაობით დავმარცხდით. თქვენს შეკითხვას, რა სხვაობით შეიძლება მოიგოს საქართველოს ნაკრებმა, რთულია – ვუპასუხო წინასწარ, ეს ყველაფერი თამაშის მიმდინარეობის დროს გამოჩნდება. ყველამ იცის, რომ ეს მატჩი წარმატებით უნდა დავასრულოთ და ამ შეხვედრიდან დაიწყოს მოგებები”.
ლაშა დვალი: “მადლობა მინდა გადავუხადო სამწვრთნელო შტაბს, ნდობისთვის და ნაკრებში გამოძახებისთვის. ჩემი ასაკის ფეხბურთელებისთვის უდიდესი სტიმულია ეროვნულ გუნდში მოხვედრა. სამწუხაროდ ორი თამაში წაგებული გვაქვს, გიბრალტართან კი აუცილებლად უნდა მოვიგოთ ამას ელოდება მთელი გუნდი და ყველა გულშემატკივარი”.
გიბრალტარისა და საქართველოს ნაკრებებს შორის გასამართი მატჩი დღეს, თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება, შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ. მატჩს 32 წლის ავსტრიელი არბიტრი ჰარალდ ლეხნერი მოემსახურება.