“ყარაბაღის” კაპიტანმა ფრანგ მსაჯთა ბრიგადა გააკრიტიკა
“ყარაბაღის” კაპიტანმა, რაშად სადიგოვმა “ატლეტიკოსთან” ფრედ დასრულებულ მატჩზე ისაუბრა (0:0), რომლის 75-ე წუთზეც აზერბაიჯანული კლუბის თავდამსხმელი სიმულაციის გამო მოედნიდან იქნა გაძევებული.
“ეს “ყარაბაღის” მიერ ევროსარბიელზე ნაჩვენები ერთ-ერთი საუკეთესო თამაში იყო. ძალიან რთულ ჯგუფში მოვხვდით და ასეთ სიტუაციაში ერთი ქულის მოპოვებაც უმნიშვნელოვანესი რამ არის. ნამდვილად არ მინდოდა, ლიგაზე გამოსვლა 0 ქულით დაგვესრულებინა. ახლა კი ასე არ იქნება.
დღეს ფანებმა მაღალი დონის ფეხბურთი იხილეს ჩვენი შესრულებით. ბუნებრივია, არც “ატლეტიკო” თამაშობდა ცუდად, ტაქტიკური თვალსაზრისით ძალიან საინტერესო მატჩი იყო.
მართალია, მსაჯებზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს არბიტრები “ატლეტიკოს” მხარეს იყვნენ. თუმცა, ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. მსაჯების იმედზე ვერ ვიქნებით,” – აცხადებს სადიგოვი.