ყატარის მუნდიალის ახალ კალენდარს ფეხბურთელთა პროფკავშირი აკრიტიკებს
2022 წელს ყატარში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის კალენდარი ფეხბურთელთა საერთაშორისო პროფკავშირისთვის მიუღებელია. შეგახსენებთ, რომ კლიმატური პირობების გამო ტურნირი არა ივნის-ივლისში, არამედ ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდება. ჩემპიონატი 32-ის ნაცვლად 28 დღის განმავლობაში გაიმართება, ფინალური შეხვედრა კი 18 დეკემბერს არის დაგეგმილი.
“ასეთი ტურნირის ოთხ კვირაში ჩატარება შეუძლებელია. წარმოიდგინეთ: შაბათ-კვირას ფეხბურთელები თავიანთ ჩემპიონატებში ითამაშებენ, ორშაბათს კი ნაკრებს შეუერთდებიან და იმავე დღეს ყატარში გაემგზავრებიან. ორი დღე მგზავრობას უნდა. ტურნირზე კი ოთხი, ხუთი ან შვიდი მატჩი უნდა ჩაატარონ.
არავითარი დასვენება, არავითარი მოსამზადებელი პერიოდი, ეს რაღაც სიგიჟეა. ფეხბურთელთა ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნება”, – ციტირებს პროფკავშირის გენერალური მდივნის, თეო ვან სეგელენის სიტყვებს Reuters-ი.