ბაისუფინოვი: “თბილისში სასეირნოდ არ ჩამოვსულვართ”
ყაზახეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტალგარ ბაისუფინოვმა საქართველოს ნაკრებთან გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და რამდენიმე საინტერესო საკითხს გაუსვა ხაზი.
“პირველ რიგში, მინდა საქართველოს ნაკრებს ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა მივულოცო. საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშება ძალიან მაღალ დონეზე დაიწყო, ისე, რომ არანაირი კითხვა არ დატოვა.
ჩვენი გუნდის რამდენიმე წამყვანი მოთამაშე ტრავმირებულია, თუმცა თბილისში სასეირნოდ არ ჩამოვსუვლართ. ჩვენი გუნდი, მსგავსად თქვენისა, აღმავლობის გზაზეა. წინ ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყაზახეთი საფეხბურთო ქვეყნად ვაქციოთ.
რა თქმა უნდა, ხვალ საქართველოს ნაკრები სავსე სტადიონის ფონზე გამარჯვებისთვის ითამაშებს. მაგრამ გპირდებით, რომ ჩვენი მოთამაშეები მოედანზე საბრძოლო განწყობით გამოვლენ და ყველაფერს გააკეთებენ სასურველი შედეგის მისაღწევად.
შიშის ფაქტორი საერთოდ არ გვაწუხებს, პირიქით, ჩვენთვისაც უკეთესი იქნება, თუ სტადიონი სავსე იქნება. ცარიელ სტადიონზე მეც კი ვითამაშებ, მთავარია, როგორ თამაშობს ფეხბურთელი სავსე სტადიონზე. ეს მათთვის დიდი გამოცდა იქნება და ფეხბურთელებიც ამ მატჩს ისე უყურებენ, როგორც დღესასწაულს.
რაც შეეხება ჩემპიონატების შედარებას, ვთვლი, რომ ყაზახეთის ჩემპიონატი გაცილებით უფრო ძლიერია. სანაკრებო დონეზე კი სიტუაცია სხვაგვარადაა, რაზეც ერთა ლიგის შედეგებიც მეტყველებს. ბევრი ქართველი ფეხბურთელი საზღვარგარეთ, დიდ უცხოურ ჩემპიონატებში თამაშობს,რაც მათ თვითდაჯერებულობას მატებთ.
ბოლო თამაშის მოგება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ერთგვარი კარის მოჯახუნება იქნება ჩვენთვის, რაც უფრო ხმაურიანი იქნება, თუ საქართველოს დონის გუნდს დავამარცხებთ.
ყაზახეთის ნაკრების ერთ-ერთ მთავარ პრობლემას მომენტების გამოუყენებლობა წარმოადგენს. ალბათ, ანდორასთან მატჩში ჩვენი, ისევე როგორც თქვენი პრობლემა ამასთან ერთად მეტოქის დაუფასებლობაც იყო,” – აცხადებს ბაისუფინოვი.