„ყირგიზეთის ქართული კოშმარი“ – რას წერენ ქართველ 17-წლამდელებზე
ყაზახეთის „პრეზიდენტის თასზე“ საქართველოს 17-წლამდე ნაკრების ყირგიზეთთან გუშინდელ გამარჯვებას (10:0) გამოეხმაურა ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი.
„ყირგიზეთის ქართული კოშმარი“ – ასე ჰქვია სტატიას, რომლის ავტორიც საქართველოს ნაკრების მიმართ კომპლიმენტებს არ იშურებს.
„ყირგიზეთის 17-წლამდე ნაკრებმა საქართველოს ნაკრებთან გამანადგურებელი მარცხი იწვნია. თუ პირველ ტაიმში ყაზახებმა გაუძლეს კავკასიელი ბიჭების მასირებულ ზეწოლას, მეორე ტაიმში მათ უკვე დაღლა დაეტყოთ. მესამე გაშვებული გოლის შემდეგ კი, ნურლან ბუკუევის გუნდმა ხელი ჩაიქნია… ის, რაც ყირგიზეთის ნაკრებს მეორე ტაიმში დაემართა, ძნელია აღწერო. 3:0-ის შემდეგ კი, ქართველთა თითქმის ყველა შეტევა გოლით სრულდებოდა.“
ყაზახური ვებ-გვერდი იქვე გვთავაზობს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის – გოჩა ტყებუჩავას მოკლედ კომენტარს.
გოჩა ტყებუჩავა: „შედეგით კმაყოფილი ვარ და სხვას არც ველოდი. თავად ნახეთ, თუ რა სუსტი გუნდი იყო ჩვენი მეტოქე. ძალიან საპასუხისმგებლო მატჩი გველის ყაზახეთის ნაკრებთან და ჯერ სიხარული ნაადრევია. მომდევნო მატჩზე უკვე ამ წუთიდან ვფიქრობთ. მე უკვე ველაპარაკე ბიჭებს და ვუთხარი, რომ ეს საბრძოლო განწყობა უნდა შევინარჩუნოთ. დარწმუნებული ვარ, ყაზახეთთან საინტერესო თამაში იქნება.“
დღეს, თბილისის დროით 17:00 საათზე, საქართველოს ნაკრები მასპინძელთა გუნდს დაუპირისპირდება. პირდაპირი რეპორტაჟის ნახვას კი, ამ ლინკის მეშვეობით შეძლებთ – http://tv.ffk.kz/
სფფ-ის პრესსამსახური