ყოველგვარი დაზვერვის გარეშე
შესავლის მაგივრად
ბავშვობაში ასეთი წიგნი მქონდა: “დიდი ფეხბურთის მოედნებზე”, რომელშიც მოთხრობილი იყო ქართული ფეხბურთის (ძირითადად კი თბილისის “დინამოს) ისტორია მეოცე საუკუნის 30-იანი წლებიდან 50-იანების ბოლომდე. ინფორმაციულობის თვალსაზრისით საკმაოდ საინტერესო წიგნი იყო, მაგრამ თითქმის ყველა თამაშის მიმოხილვა ასე იწყებოდა: “შეხვედრა ყოველგვარი დაზვერვის გარეშე დაიწყო”.
ზუსტად ასე დაიწყო საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის ფინალში გადასასვლელი შეხვედრა “ლელოსა” და “არმიას” შორის. ან რა დაზვერვა უნდა დასჭირვებოდათ, სულ რაღაც ორი კვირის წინ ითამაშეს ერთმანეთში (იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, რომ ეს ბიჭები სულაც ერთად არიან გაზრდილი) და ცხადი იყო, რომ ორივე გუნდი კარგად დამუშავებული საშინაო დავალებით გამოვიდა მოედანზე.
არმიელებმა გაშლილი თამაში არჩიეს და მიზანს მეორე წუთზევე მიაღწიეს, როცა ფრთაზე ჩათამაშებულ კომბინაციას და ტუჩაშვილის მძლავრ გარღვევას ყიასაშვილის ბოჭვამ ვერაფერი დააკლო და არმია 5:0 დაწინაურდა.
“ლელოს” აქცენტი, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, მორკინალებზე ჰქონდა გადატანილი (“არმიასთან” ფორვარდებით ჭიდაობას გაბედვა უნდა!) და არც მას დაუგვიანდა შედეგი. არ ვიცი რა სჭირდა იმ დღეს არმიელთა შერკინებას, მაგრამ ჩვენებურ, გლეხურ ენაზე რომ ვთქვათ, მოწინააღმდეგემ ის უბრალოდ ათრია; თანაც, როგორც დანიშნულ შერკიბნებაში, ასევე მოლებში.
ასეთი ლელო დიდი ხანია არ მინახავს. ადრე ჩვენები (საქართველოს ნაკრები) უკეთებდნენ ხოლმე მსგავს ილეთს სუსტ მეტოქეებს. დააყენებდნენ მატარებელს მოედნის ცენტრში და მიათრევდნენ თხუთმეტივე მოწინააღმდეგეს საკუთარ ჩათვლის მოედანში. შაბათსაც იგივე მოხდა, მხოლოდ არმიის შერკინება ნამდვილად არაა სუსტი მეტოქე. ბაჩო კოლელიშვილმა ცენტრალურ ზონაში აუტი მოიგო, ბურთი მაშინვე მოლის ბოლოში გადააწოდა და წავიდა და წახრიგინდა… “ლელომ” ეს შეტევა მაყურებლის ჟივილ-ხივილის თანხლებით ლელოთი დაასრულა (ბოდიში ტავტოლოგიისთვის). თვით ადგილობრივმა დიქტორმაც (ნიაზ მამრიკიშვილმა) კი ვერ შიეკავა თავი და აღფრთოვანებით ჩასძახა მიკროფონში: “ნუ მკითხავთ ვინ გაიტანა, მაგრამ მაგარი ლელო კი იყოო” (ჭყოიძეს გაუტანია). საერთოდ, ნიაზის კომენტარები სადიქტორო კაბინიდან ცალკე ისტორიაა და თუნდაც მაგიტომ ღირს თამაშებზე სიარული.
გაგრძელდა მატჩი და ისევ “არმიის” ტაქტიკისკენ გადაიხარა სასწორი. ამ გუნდის შეტევები უფრო მწვავეც იყო და უფრო მძლავრიც. ცოტა ხანში ნიკო ჭავჭავაძის გუნდმა კიდევ ერთელ დაამიწა ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში. რეგულარული ჩემპიონატის ლიდერმა გუნდმა აუტი ისე გაათამაშა, რომ დერეფნის შუაში ხვრელი შექმნა და იქ “არეკილი” თხილაიშვილი შეიყვანა. ამ ბიჭის გაჩერება მეტოქეებს ადგილიდან დაძრულისაც უჭირთ და სისწრაფეში მყოფს ხომ – ვერც კი წაეპოტინენ. ფლანკერმა ლელო დადო და კვლავ “სამხედროები” დაწინაურდნენ.
თხილაიშვილის ლელო მე-11 წუთზე გავიდა და ბოლო აღმოჩნდა ამ შეხვედრაში. ლოგიკურიც იყო – მთელი თამაში ხომ არ გაგრძელდებოდა ეს ლელოების წვიმა! (ეს მხოლოდ ორ ადგილას ხდება: ბავშვთა ფესტივალებზე და “სუპერ 15-ში”). არმია კვლავაც აგრძელებდა უპირატესობის ფლობას, თუმცა მთელი დარჩენილი მატჩის განმავლობაში მხოლოდ 3 ქულის აღება მოახერხა. “ლელომ” კი, ისევ და ისევ მორკინალების დომინირების წყალობით, რამდენიმე ხელსაყრელი ჯარიმა გამოიმუშავა და ქულებადაც აქცია. ყიასაშვილმა ოთხჯერ ზუსტად დაარტყა.
“არმიის” შეტევებმა მეორე ტაიმში სიმწვავეც დაკარგეს. ლელოელებმა კი დაცვაში შეცდომებს უკლეს, საქმე 19:13 გამარჯვებამდე მშვიდად და ფაცი-ფუცის გარეშე მიიყვანეს და ფინალში პირდაპირი გზით გავიდნენ. “არმიას” საამისოდ შორი გზის მოვლა მოუწევს.
ეს შემოვლითი გზა “ლოკომოტივზე” გადის. რკინიგზელები “ყოჩებს” შეხვდნენ და დამაჯერებლად მოუგეს. თემურ ბენდიაშვილს, როგორც ჩანს, უყვარს თავის გუნდის ერთი მოთამაშის გარშემო აწყობა: წლების მანძილზე ეს მოთამაშე ბობა კვინიხიძე იყო, ახლა კი ბექა წიკლაურია, რომელიც კარშიც ურტყამს, ლელოებიც გააქვს, კაპიტანიცაა და მამა და მარჩენალიც.
არც ეს შეხვედრა იყო გამონაკლისი. წიკლაურმა ჯერ ჯარიმა შეასრულა ზუსტად, შემდეგ კი ინგლისელები “ინდივიდუალ ბრილიანსს” რომ უწოდებენ ისეთი ლელო გაიტანა. ბურთი მეტოქის 22-ის მისადგომებთან ჩაუვარდა ხელში, სწრაფად დაიძრა ადგილიდან, დაცვის პირველ ეშელონს ბურთი ფეხით თავზე გდაავლო და თავადვე შეყვა. დანარჩენი ეშელონები სად იყვნენო – იკითხვთ თქვენ. ყველგან, მაგრამ არა იქ, სადაც საჭირო იყოთქო – გიპასუხებთ მე. წიკლაურმა ეს ბურთი ხელში ჩაიგდო და ძელებს შორის დაამიწა. შემდეგ გარდასახა კიდეც და თავისი გუნდი სოლიდურად დააწინაურა.
მერე ამას ჯარიმებიც მიაყოლა და ნელნელა ცხადი გახდა თუ ვინ გააგრძელებდა ტიტულისთვის ბრძოლას.
ცხადი იმიტომაც გახდა, რომ “ყოჩების” თამაში არ იძლეოდა საწინააღმდეგოს თქმის საშუალებას. ამ გუნდმა მეტოქეს თითქმის ვერაფერი ღირებული ვერ შესთავაზა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში.
“ლოკომოტივი” კი მიღებულით არ დაკმაყოფილდა და შესვენების შემდეგ ისეთი ლელო გამოაცხო, რომ თავი ვაიკატოს სტადიონზე მეგონა. რა ცუდია, რომ მატჩების ტელეტრანსლირება არ ხდება, კავთიძის ლელოს რამდენიმე რაკურსით ნახვა ნამდვილად ღირდა.
ყოჩებმა, მატჩი 3 კინკილა ქულის ამარა რომ არ დაესრულებინათ, მეტი მონდომებით შეუტიეს და ტყეშელიაძემ მოწინააღმდეგის ბაზა აიღო. თუმცა აქვე ბოლნისელთა ჰუკერის ხიდეშელის თამაში უნდა აღინიშნოს, რომელმაც ეს შეტევა წამოიწყო, მარჯვენა ფრთაზე ფინტების კორიანტელი დააყენა (ესეც ნიაზის ფრაზაა) და დიდი მანძილი მოიგო.
მაგრამ ეს იყო “ყოჩების” რომანტიული გაბრძოლება, ცოტა ხანში წიკლაურმა საჯარიმოდან საკონტროლო გასროლა განახორციელა და ყველანაირი რომანტიკა მოკლა. “ლოკომოტივმა” 29:10 გაიმარჯვა.
მომდევნო შაბათს “არმია”-“ლოკომოტივი” გველის. ისეთი ამბავი იქნება – დედა შვილს არ აიყვანს.
ნიკა ჩალათაშვილი