“ყველამ იცის, რა მოხდა” – მბაპე ჟირუსთან ინციდენტზე
საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა კილიან მბაპემ ოლივიე ჟირუსთან დაკავშირებულ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა.
როგორც იცით, 8 ივნისს საფრანგეთმა ამხანაგურ შეხვედრაში ბულგარეთი 3:0 დაამარცხა. ამ მატჩში დუბლი შეასრულა შეცვლაზე შემოსულმა ოლივიე ჟირუმ. თამაშის დასრულების შემდეგ, ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში მან თანაგუნდელების მიმართ უკმაყოფილება გამოხატა და თქვა: “ზოგჯერ გაიქცევი და პასს არ გიკეთებენ. შეიძლება, ერთმანეთი უკეთ უნდა ვიპოვოთ, ეს ასეა.”
ფრანგული პრესის ცნობით, ჟირუს ეს ნათქვამი კილიან მბაპეს ეხებოდა. L’Equipe-ის ინფორმაციით, მბაპე თანაგუნდელის ამ სიტყვებმა გააბრაზა და მის საპასუხოდ, საჯაროდ განცხადების გაკეთების სურვილი ჰქონდა. საბოლოოდ, ახალგაზრდა თავდამსხმელს მაშინ განცხადება არ გაუკეთებია.
გუშინ მბაპეს ამ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება სთხოვეს. მან კი დაადასტურა, რომ ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება.
“ყველამ იცის, რაც მოხდა. მან ის თქვა, რასაც ფიქრობდა. მე თავდამსხმელი ვარ და თითო მატჩში 365-ჯერ მეუფლება ისეთი შეგრძნება, თითქოს ჩემთვის პასი უნდა მოეცათ და არ მომცეს. უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ მან ეს საჯაროდ თქვა. ოლივე გასახდელში ვნახე და გატანილი გოლები მივულოცე. მას ჩემთვის არაფერი უთქვამს. ყველაფერი პრესის საშუალებით გავიგე. მას ცუდი არაფერი უთქვამს”, – განაცხადა მბაპემ.