“ყველანი სახლში!” — იტალიური პრესის დღევანდელი მიმოხილვა
2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში იტალიამ შვედეთის ბარიერი ვერ დაძლია (0:1, 0:0) და მუნდიალის ფინალურ სტადიას 1958 წლის შემდეგ პირველად გამოტოვებს. დღეს იტალიური პრესა ნაკრების მკვახე კრიტიკას არ მოერიდა.
“კორიერე დელო სპორტი”: “ყველა გავუშვათ!”
“მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა მესამედ დავრჩით: 1930, 1958, 2018. ვერც “სან სიროს” ეფექტმა გვიშველა. გუნდი ვენტურას გაუგებარი საკადრო არჩევანის გამო დაისაჯა. იტალიური ფეხბურთი კრიზისშია, მაგრამ არა ისეთში, როგორშიც შვედური. აქედან გამომდინარე, ბარიერი აუცილებლად უნდა დაგვეძლია. ეს ტრაგედია, სირცხვილი და დისკრედიტაციაა. როდესაც თვალებზე ცრემლები შეგვაშრება, ცივი გონებით დამნაშავეებს პასუხი უნდა ვაგებინოთ. ყველა გავუშვათ და მოვიყვანოთ ახალი ხალხი, ახალი იდეებით და რევოლუციური გარდაქმნებით”.
“ილ ტემპო”: “წადით სამუშაოდ”
გამოცემა იტალიის ნაკრებს წევრებს ურჩევს, რომ ფეხბურთი დატოვონ და ნაკლებად მძიმე სამუშაოთი დაკავდნენ. “ეს იყო აგონია, ერთიანი აზროვნების გარეშე. 90 წუთი შეტევაში უაზროდ დავხარჯეთ. მოახლოებულ კატასტროფას ხელი ვერავინ შეუშალა. ამ სირცხვილისთვის პასუხი ყველამ უნდა აგოს: მთავარმა მწვრთნელმა ჯამპიერო ვენტურამ, ფედერაციის პრეზიდენტმა კარლო ტავეკიომ და რა თქმა უნდა, თავად ფეხბურთელებმა. იტალიურ ფეხბურთში ნულოვანი წელი დადგა”.
“ტუტოსპორტი”: “ყველანი სახლში!”
“მომხდარს ვერ ვიჯერებთ. რთულია იმის დაჯერება, რომ ჩვენი ტიტულოვანი გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე არ ითამაშებს. ამ საღამოს შემდეგ ახალი რეალობის გააზრება აუცილებელია. ვენტურამ კონტეს ხასიათის გუნდი ჩაიბარა, რომელიც სრულ ქაოსში მოაქცია. 180 წუთის განმავლობაში უღიმღამო შვედეთის ნაკრებს გოლი ვერ გავუტანეთ. ამ ყველაფერს მსაჯის ქმედებებიც დაერთო, რომელსაც ოთხი პენალტი უნდა დაენიშნა. ბოლოს კი ბუფონის ცრემლები, ის იმსახურებდა მეექვსე მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშს”.
“ლა გაძეტა დელო სპორტი”: დასასრული”
“კატასტროფა გამოცხადდა. ნულოვანი ფრე მწვრთნელის ფატალური გადაწყვეტილებების შედეგია. მოკრძალებული შვედეთის ნაკრები, მაგრამ კარგად გაჩერებული ავტობუსით, მსოფლიოს ჩემპიონატზე მიემგზავრება. ვენტურა ორი წლის განმავლობაში უტოპიურ 4-4-2 სქემით მუშაობდა, რათა ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში სამი მცველით ეთამაშა”.