ყველაფერი რაც მომავალი “კლასიკოს” წინ უნდა იცოდეთ
პრიმერა დივიზიონის ცენტრალურ მატჩამდე არც ისე შორია, უდიდესი ემოციის მატარებელი დაპირისპირების დაწყებისთვის ყველაფერი მზადაა. FANEBI.COM გთავაზობთ პასუხებს “კლასიკოსთან” დაკავშირებულ ყველა საჭირო კითხვაზე…
როდის არის “კლასიკო”?
სეზონის პირველი “კლასიკო” სტარტს “კამპ ნოუზე”, შაბათს აიღებს. ესპანეთის ორ უდიდეს კლუბს შორის გასამართი დაპირისპირება სტარტს საკმაოდ უჩვეულო დროს, 19:15 საათზე აიღებს.
ვინ მოიგო ბოლო “კლასიკო”?
ამ გუნდებს შორის ბოლო დაპირისპირება 2 აპრილს, “ბარსელონას” საშინაო არენაზე გაიმართა. მატჩში, რომელიც იოჰან კრუიფის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში გაიმართა, გამარჯვება მადრიდელებს დარჩათ.
ბოლო “კლასიკოში” პირველი გოლი “ბარსელონამ”, კერძოდ კი ჟერარდ პიკემ გაიტანა 56-ე წუთზე, მაგრამ კარიმ ბენზემასა და კრიშტიანუ რონალდუს გოლებს “ლურჯ-ბროწეულისფერებმა” ვერაფრით უპასუხეს, მიუხედავად იმისა, რომ მატჩის არბიტრმა მოედნიდან სერხიო რამოსი გააძევა.
მიუხედავად მარცხისა, “ბარსამ” მაინც მოახერხა გასულ სეზონში ლა ლიგის მოგება, კატალონიელებმა ერთი ქულით გაუსწრეს მოსისხლე მტრებს.
შეძლებს ბეილი თამაშს?
ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩში მიღებული ტრავმა იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ გარეთ ბეილს კარგა ხნის მანძილზე მოუწევს უქმობა.
უელსელ ფორვარდს ფეხზე ოპერაცია დღეს გაუკეთდა. მსგავსად ბეილისა, კროოსიც ვერ დაეხმარება “რეალს” აღნიშნულ მატჩში, სამაგიეროდ, ექსპერტები კაზემიროს დაბრუნებას ვარაუდობენ.
მოასწრებს ინიესტა დაბრუნებას?
როგორც იცით, 22 ოქტომბერს მიღებული დაზიანების გამო, კატალონიელთა ერთ-ერთი ლიდერი, ანდრეს ინიესტა დღემდე რეაბილიტაციის კურსებს გადის.
ექიმების თქმით, ესპანელი ნახევარმცველის რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და არსებობს რაღაც შანსი იმისა, რომ ინიესტამ “კლასიკოში” თამაში შეძლოს. ამას ლუის ენრიკე გადაწყვეტს.
ვინ მოიგებს “ელ კლასიკოს”?
ზინედინ ზიდანის მეთაურობით, მადრიდის “რეალი” საკმაოდ კარგად ასპარეზობს – 31 მატჩია, რაც “თეთრებს” დამარცხება არ უგემიათ. ათვლა სათავეს “ვოლფსბურგთან” გერმანიაში განცდილი მარცხიდან იწყებს.
ამასთანავე, მადრიდელები ექვსი ქულით უსწრებენ სატურნირო ცხრილში “ბარსელონას” და ზიდანის მოსვლის შემდეგ პრიმერა დივიზიონის მხოლოდ ერთი მატჩი დათმეს (“ატლეტიკოსთან”, თებერვლის თვეში).
მაგრამ ფაქტი, რომ ლუის ენრიკეს გუნდი საშინაო კედლებში ატარებს თამაშს, არანაკლებ მნიშვნელოვანია. “რეალ სოსიედადთან” ნაჩვენები არასახარბიელო შედეგის შემდეგ, კატალონიელებისთვის ამ მატჩში დამარცხება თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება.
როგორც ყოველთვის, ახლაც შეუძლებელია “კლასიკოში” გამარჯვებულის ვინაობა განსაზღვრო, რამეთუ ამ წყვილში ფავორიტები არ არსებობენ.