ყველაფერი სერბეთზე: “ოქროს ხანა”, ძალადობრივი ფანკულტურა, მუსლინის ორმაგი მოქალაქეობა

თარიღი: მარტი 22, 2017

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული გუნდი მომდევნო შეხვედრას სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. საქართველოსა და სერბეთის ეროვნულ გუნდებს ერთმანეთთან აქამდე არასდროს უთამაშიათ. თვალი გადავავლოთ, განვითარების რა გზა გაიარა სერბულმა ფეხბურთმა.

„ოქროს ხანა“ და დაღმასვლა

სერბებმა ფეხბურთში თავიანთ მაქსიმუმს ყოფილი იუგოსლავიის სახელმწიფოს შემადგენლობაში ყოფნისას მიაღწიეს: ოქროს მედლები 1960 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, მეოთხე ადგილი 1962 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, 1960 და 1968 წლების ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლები. ეს ისტორიაა, რომელიც სერბებმა ხორვატებთან, სლოვენიელებთან, ბოსნიელებთან, მაკედონიელებთან და ჩერნოგორიელებთან ერთად შექმნეს. 90-იანი წლების დასაწყისში იუგოსლავიის რღვევა დაიწყო – მანამდე ერთ პოლიტიკურ ერთობაში შემავალმა ქვეყნებმა ერთმანეთის მიყოლებით გამოაცხადეს დამოუკიდებლობა. ამ რთულ პროცესს ბევრი სისხლისღვრისა და მსხვერპლის გარეშე, რა თქმა უნდა, არ ჩაუვლია. ყოფილი იუგოსლავიის გუნდებმაც დამოუკიდებელი სტატუსით გააგრძელეს ასპარეზობა.

სერბეთის ნაკრებმა დიდ საფეხბურთო ფორუმზე უკანასკნელად 2010 წელს ითამაშა. სამხრეთ აფრიკაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის სერბებისთვის ძალიან მალე დასრულდა. რადომირ ანტიჩის გუნდი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე განისა (0:1) და ავსტრალიის ნაკრებებთან (1:2) დამარცხდა, შემდეგ გერმანიის ეროვნულ გუნდთან სენსაციური გამარჯვება მოიპოვა (1:0), მაგრამ ეს პლეი-ოფში გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.

სერბეთის ნაკრებში რთული დრო დადგა. გუნდს 2010 წლის შემდეგ არცერთ დიდ საფეხბურთო ფორუმზე მონაწილეობა არ მიუღია. უკანასკნელ შვიდ წელიწადში სერბებმა ექვსი მთავარი მწვრთნელი გამოიცვალეს: ანტიჩი, პეტროვიჩი, ჩურჩიჩი (ორჯერ), მიხაილოვიჩი, დრულოვიჩი, ადვოკაატი. 2016 წლიდან გუნდს ავტორიტეტული სპეციალისტი სლავოლიუბ მუსლინი თავკაცობს.

გუნდის თავკაცი

სერბეთის ნაკრებს სლავოლიუბ მუსლინი ხელმძღვანელობს. მუსლინს ორმაგი მოქალაქეობა აქვს – სერბული და ფრანგული. 63 წლის სპეციალისტს ზურგს უზარმაზარი გამოცდილება უმაგრებს. 70-იანიდან 80-იან წლებამდე მუსლინი მცველის პოზიციაზე თამაშობდა სერბულ და ფრანგულ გუნდებში, მათ შორის “ცრვენა ზვეზდასა” და “ლილში”. მცველის ამპლუის მიუხედავად, მუსლინს კარიერის განმავლობაში 100-მდე გოლი აქვს გატანილი. იგი “ცრვენა ზვეზდასთან” ერთად სამჯერ გახდა იუგოსლავიის ჩემპიონი, 1979 წელს კი უეფას თასის ფინალურ მატჩში ითამაშა, რომელშიც სერბული კლუბი მიუნხენგლადბახის “ბორუსიასთან” დამარცხდა.

სლავოლიუბ მუსლინმა სამწვრთნელო კარიერა 80-იანი წლების დამლევს დაიწყო. და დღემდე ოცამდე გუნდში უმუშავია. მისი სამუშაო არეალიც საკმაოდ შთამბეჭდავია: საფრანგეთი, მაროკო, სერბეთი, ბულგარეთი, უკრაინა, ბელგია, რუსეთი, ბელორუსი, კვიპროსი. სლავოლიუბ მუსლინი ამბობს, რომ რუსეთში მუშაობის პერიოდში ბევრ ქართველთან მოუწია მუშაობა და მათი მენტალიტეტის შესახებ ბევრი რამ გაიგო. მისი თქმით, ქართველი მოთამაშეები ინდივიდუალური თვალსაზრისით ძლიერი შემსრულებლები არიან, მაგრამ ერთ მუშტად შეკვრა უჭირთ. მუსლინის თქმით, საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე უფრო მეტი ქულა დაიმსახურა, ვიდრე აქვს. მიუხედავად ამისა, მისი გუნდი თბილისიდან სამი ქულის წაღებას აპირებს. საქართველოს ნაკრების განაცხადში მყოფ ფეხბურთელთაგან მუსლინს ნუკრი რევიშვილთან ერთად უმუშავია, თუმცა ქართველ მეკარეს სერბ სპეციალისტთან ურთიერთობა ვერ აეწყო. “კრასნოდარში” მისულმა მუსლინმა რევიშვილი ძირითადი შემადგენლობიდან ამოაგდო, რაც გახდა კიდევ კლუბიდან ქართველი კიპერის წამოსვლის საფუძველი.

გუნდის კაპიტანი

ბრანისლავ ივანოვიჩი – გამოცდილი და მაღალი დონის მცველი, რომელიც წლების განმავლობაში ლონდონის “ჩელსიში” გამოდიოდა. ფეხბურთელი უკვე 33 წლისაა, მისი კარიერა ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება და წელს ინგლისის პრემიერლიგიდან რუსეთში დაბრუნდა, სადაც სანქტ-პეტერბურგის “ზენიტის” ღირსებას იცავს. ივანოვიჩი უკვე ასაკშია და მისთვის ეს საკვალიფიკაციო ეტაპი, ალბათ, ბოლო შანსია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე კიდევ ერთხელ მოხვდეს.

ბრანისლავ ივანოვიჩი სერბეთის ეროვნულ გუნდში 2005 წლიდან გამოდის. მას შემდეგ სერბმა მცველმა საერთაშორისო დონეზე 92 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი მიითვალა. ივანოვიჩმა ბოლოს სანაკრებო ბურთი სწორედ ამ საკვალიფიკაციო ეტაპზე, მოლდოვის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში (3:0) გაიტანა.

განაცხადი

მეკარეები: ვლადიმირ სტოიკოვიჩი (“ნოტინგემი”), პრედრაგ რაიკოვიჩი (“მაკაბი თელ-ავივი”), ალექსანდრ იოვანოვიჩი (“ორჰუსი”);

მცველები: ბრანისლავ ივანოვიჩი (“ზენიტი”), იაგოშ ვუკოვიჩი (“ქონიასფორი”), სტეპან მიტროვიჩი (“გენტი”), ნიკოლა მაქსიმოვიჩი (“ნაპოლი”), ალექსანდრ კოლაროვი (“მანჩესტერ სიტი”), ანტონიო რუკავინა (“ვილიარეალი”), უროშ სპაიჩი (“ანდერლეხტი”), მილან ობრადოვიჩი (“ანდერლეხტი”);

ნახევარმცველები: ნემანია გუდელი (“აიაქსი”), ლუკა მილივოევიჩი (“კრისტალ პალასი”), ნემანია რადოია (“სელტა”), დუშან ტადიჩი (“საუთჰემპტონი”), ფილიპ კოსტიჩი (“ჰამბურგი”), მიატ გაჩინოვიჩი* (“აინტრახტი”), ლაზარ მარკოვიჩი (“ჰალ სიტი”), ზორან ტოშიჩი (ცსკა), ნემანია მატიჩი (“ჩელსი”);

თავდამსხმელები: ალექსანდარ მიტროვიჩი (“ნიუკასლი”), ნიკოლა სტოილკოვიჩი (“ბრაგა”), უროშ ჯურჯევიჩი* (“პარტიზანი”).

* – დებიუტანტი

ფანობა

სერბეთი ერთ-ერთი ქვეყანაა, სადაც ფანმოძრაობებს გუნდების შიდაცხოვრებაზე დიდი გავლენა აქვთ. სერბ ქომაგთა კულტურა ყოველთვის შეიცავდა ზედმეტ ნაციონალიზმს, რაც ხშირად რასისტულ გამოხატულებას პოულობს. როგორც წესი, მათი კულტურა ძალადობრივი ელემენტების შემცველია, რაც ხშირად როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე ვლინდება. ქვეყნის მთავარი კლუბები არიან “ცრვენა ზვეზდა” და “პარტიზანი”, რომლებიც ერთმანეთს წელიწადში რამდენჯერმე ხვდებიან. მათ მატჩებზე სამართალდამცველთა უპრეცედენტო რაოდენობაა ხოლმე მობილიზებული. ამ კლუბების ფანები ერთმანეთს დასანახად ვერ იტანენ. “დელიე” “ცრვენა ზვეზდას” მთავარი ფანკლუბია, “გრობარი” კი – “პარტიზანის”. თუ რომელიმე ფანკლუბის წევრმა მეტოქის ბანაკში შეღწევა მოახერხა, სისხლისმღვრელი ბრძოლა გარდაუვალია. სერბი ფანები ჩხუბში წესებს არ სცნობენ, არ იციან დანდობა, იბრძვიან ყველაფრით, რაც ხელში მოხვდებათ. სერბი ულტრასები განსაკუთრებით აგრესიულები სხვა იუგოსლავურ გუნდებთან მატჩისას არიან. არაოფიციალურად თვლიან, რომ იუგოსლავიური ომები სულაც საფეხბურთო მატჩის დროს დაიწყო, რომელიც 1990 წლის 13 მაისს, ზაგრების “დინამოსა” და “ცრვენა ზვეზდას” შორის უნდა შემდგარიყო, თუმცა ხორვატ და სერბ გულშემატკივართა შეტაკების გამო შეხვედრა ჩაიშალა. ჩხუბი ერთ საათს გაგრძელდა და საბოლოოდ, პოლიციამ ქომაგები წყლის ჭავლით დაშალა. ეს მოვლენა ხორვატიაში ომის დაწყების მთავარი ფაქტორი თუ არა, ერთ-ერთი ძირითადი კატალიზატორი მაინც იყო. 90-იან წლებში სწორედ სერბი ულტრასები იყვნენ სლობოდან მილოშევიჩის შეიარაღებული ჯგუფების მთავარი წარმმართველი ძალები. ბოლო გახმაურებული საკნადალი 2014 წლის ოქტომბერში მოხდა, როდესაც 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე სერბეთისა და ალბანეთის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ჩხუბის გამო ჩაიშალა. ორ ქვეყანას შორის დაძაბული ურთიერთობის გამო ტრიბუნებზე ალბანელი გულშემატკვირები არ დაიშვნენ, თუმცა მათ საკუთარი ქვეყნის დროშა უპილოტო საფრენ აპარატზე მიაბეს და დრონი მოედნისკენ გაუშვეს. ამას სერბთა მცველის, სტეფან მიტროვიჩის რეაქცია მოჰყვა, რომელიც დროშის დაჭერას შეეცადა. მიტროვიჩის ამ ქმედებას, თავის მხრივ, ალბანეთის ნაკრების მოთამაშეები გამოეხმაურნენ, რაც ფეხბურთელებს შორის ჩხუბში გადაიზარდა. ძალადობრივ აქტჩში გულშემატკივრებიც ჩაერთნენ. მაშინ ორივე გუნდს ტექნიკური მარცხი ჩაეთვალა.

კოსოვო

სერბეთის სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემა აქვს – კოსოვო. საქართველო ოფიციალური ბელგრადის პოზიციას იზიარებს და კოსოვოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ აღიარებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ერთ-ერთი იყო, რომელმაც ფიფასა და უეფაში კოსოვოს გაწევრიანების წინააღმდეგ მისცა ხმა, მაგრამ როგორც ევროპის, ასევე მსოფლიოს ფეხბურთის მმართველი ორგანოს წევრთა უმრავლესობამ მის გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. კოსოვოს ნაკრები ფიფასა და უეფას მიერ უკვე აღიარებულია და ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებსაც ატარებს.

სერბთა მდგომარეობა ქვეჯგუფში

სერბეთის ნაკრები მიმდინარე საკვალიფიკაციო ციკლში საკმაოდ კარგად გამოიყურება: გუნდმა ორი შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა, ორი კი – ფრედ. პირველ ტურში სერბები შინ ირლანდიელებს დაუზავდნენ (2:2), შემდეგ გასვლაზე მოლდოვის ნაკრები დატოვეს უშანსოდ (3:0), შინაურ კედლებში ავსტრიელები მძიმე ბრძოლაში დაამარცხეს (3:2), ხოლო მეოთხე ტურში უელსელებთან ფრედ ითამაშეს (1:1). სერბეთის ნაკრებს აქტივში რვა ქულა აქვს და ქვეჯგუფის მეორე პოზიცია უკავია. ამ საკვალიფიკაციო ეტაპზე სერბთა შორის ყველაზე მეტი გოლი ალექსანდარ მიტროვიჩსა (3) და დუშან ტადიჩს (3) აქვთ გატანილი.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“ეიბარის” მეკარემ მადრიდის “ატლეტიკოს” გოლი გაუტანა (ვიდეო)

მარკო დიმიტროვიჩის გოლი “ატლეტიკოს” კარში იხილეთ ვიდეო Pendant ce temps là, Dmitrovic le gardien d'Eibar […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვინ არის მამუკა ჯუღელი? – აგენტი, რომელმაც რუსეთში ქართული გუნდი შექმნა

რუსულ “როტორში” დღეს მე-6 ქართველი ფეხბურთელი, “თელავის” ყოფილი მცველი ილია ბერიაშვილი ითამაშებს. 3 დღის წინ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რონალდუსთან სახლში არ მიხვდიდეთ” – კრიშტიანო თანაგუნდელების ღამის კოშმა

ყველასათვის ცნობილია, რომ ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მეტი ოფიციალური გოლის ავტორი კრიშტიანო რონალდუ ძალიან ბევრს ვარჯიშობს. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

თენგიზ წიქარიძე რუსეთის მე-2 ლიგის აუტსაიდერში გადავიდა

თენგიზ წიქარიძე რუსეთის მე-2 ლიგის ბინადარ “ტომში” გადავიდა. გუნდის ოფიციალურმა გვერდმა წიქარიძის დამატება უკვე დაადასტურა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

IFFHS: ეროვნული ლიგა რეიტინგში 24 ერთეულით დაქვეითდა

ყველასათვის ცნობილმა ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IFFHS) 2020 წლის საუკეთესო ჩემპიონატების რეიტინგი გამოაქვეყნა. [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

პოლონეთის ნაკრებს ახალი თავკაცი ჰყავს

პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე პორტუგალიელი სპეციალისტი პაულო სოუზა დანიშნა. შეგახსენებთ, რომ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

არგენტინული კავშირი: პარედესი მესის პარიზში იწვევს

“პარი სენ-ჟერმენის” არგენტინელმა ნახევარმცველმა, ლეანდრო პარედესმა, მესის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით მიმდინარე სპეკულაციებზე გააკეთა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: სერხიო აგუერო კორონავირუსით დაინფიცირდა

“მანჩესტერ სიტის” არგენტინელი თავდამსხმელი, სერხიო აგუერო, ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ის კორონავირუსით არის დაინფიცირებული....
წაკითხვა
ფეხბურთი

რიბერი ბუნდესლიგაში დაბრუნების შესაძლებლობას არ გამორიცხავს

მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილმა ვარსკვლავმა, ფრენკ რიბერიმ, პრესასთან საუბრისას აღიარა, რომ ბუნდესლიგაში დაბრუნების შესაძლებლობას არ გამორიცხ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლივერპულის” ყოფილი მცველი “დინამო თბილისს” შეკრებაზე შეუერთდა

“ლიონისა” და “ლივერპულის” ყოფილი მარცხენა მცველი ალი სისოკო “დინამო თბილისს” თურქულ შეკრებაზე შეუერთდა. სისოკო ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუ: “სუპერთასის მოგება “სკუდეტოსთვის” ბრძოლაში დაგვეხმარება”

ტურინის “იუვენტუსის” სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ, იტალიის სუპერკოპას მატჩში “ნაპოლის” დამარცხების შემდეგ, პრესასთან კ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზიდანი: “მაქვს თუ არა ფეხბურთელების მხარდაჭერა?”

მადრიდის “რეალი” ესპანეთის სამეფო თასის პირველივე მატჩში ესპანეთის რანგით მესამე დივიზიონში მოასპარეზე “ალკოიანოსთან” გამოვარდ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელიამ “პარტიზანს” გაუტანა (ვიდეო)

ყაზანის “რუბინი” ამხანაგურ შეხვედრაში ბელგრადის “პარტიზანს” უპირისპირდება. “რუბინის” ძირითად შემადგენლობაში იყო ხვ...
წაკითხვა