ყველაზე დაუფასებელი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც მოსკოვის “დინამოს” მცველები ააწიოკა
თბილისის “ლოკომოტივმა” მოსკოვის “დინამო” 2-1 დაამარცხა და ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლა.
გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა 24 წლის მარჯვენა შემტევმა ნახევარმცველმა თორნიკე კირკიტაძემ. კონკრეტულად ერთი ფეხბურთელის გამორჩევა არ გვსურდა და რთული იყო, მაგრამ კირკიტაძე ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელია ლიგაში და მასზე გულშემატკივარმა მეტი უნდა იცოდეს.
“დინამოს” წინააღმდეგ თორნიკემ მარცხენა მცველს სკოპინცევს იმდენი პრობლემა შეუქმნა, ჯერ ყვითელი მიაღებინა და მაგარი ჯარიმა მოინადირა, შემდეგ კი პირველი ტაიმის ბოლო წუთზე კვლავ გაექცა, სკოპინცევმა წააქცია, თუმცა ფრანგმა მსაჯმა რუსი გაგდებისგან დაინდო. სკოპინცევი 46-ე წუთზევე გრიგორი მოროზოვმა შეცვალა, მაგრამ კარგი ბედი არც მას ელოდა.
მეორე ნახევრის 54-ე წუთზე სწორედ მისი საოცარი სისწრაფის წყალობით მოროზოვს გაექცა, საჯარიმოში ჩააწოდა, მეკარე შუნინმა ცუდად მოიგერია, სიხარულიძე დამატებაზე პირველი იყო და პირველი გოლიც გაიტანა.
კირკიტაძე ჭიაბრიშვილმა 83-ე წუთზე შეცვალა.
კირკიტაძეს კარიერის დიდი ნაწილი ტრავმების გამო გაუცდა, მაგრამ ეროვნული ლიგის 46 მატჩში 7 გოლის და 6 საგოლე პასის გაკეთება მაინც შეძლო და ასევე, ევროპა ლიგის პირველ 2 შეხვედრაში 2 საგოლე პასი აქვს შესრულებული. დღეს კი საბოლოოდ დაამტკიცა, რომ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი ნახევარმცველია და გაცილებით მეტ ყურადღებას იმსახურებს.