ქინქლაძე მანჩესტერში ღვინის ბარს ხსნის – “სიტის” ლეგენდამ გვარდიოლას ქართული ღვინო გაუგზავნა
“მანჩესტერ სიტის” ლეგენდა, გიორგი ქინქლაძე მანჩესტერის ერთ-ერთ უბანში, დიდსბერიში ღვინის ბარის გახსნას გეგმავს.
ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა თავისი წარმოებული ღვინო “მანჩსტერ სიტის” მთავარ მწვრთნელს პეპ გვარდიოლას საჩუქრად უკვე გაუგზავნა. ესპანელი სპეციალისტი ღვინის მოყვარულია.
ქინქლაძე ღვინის წარმოებით დაინტერესებულია, ის საქართველოში ვენახებს ფლობს.
ქინქლაძე ბარის გახსნას ივნისში აპირებს. ბარს სახელად “Kinky’s” ერქმევა, სტუმრებს კი თეთრი და წითელი ღვინის, პროსეკოს, ვისკისა და ჭაჭას დაგემოვნება შეეძლებათ.
ქინქლაძე საკუთარ ბარს საქართველოში მოსული ყურძნითა და სხვადასხვა საჭირო პროდუქციით მოამარაგებს.
“ძალიან გახარებულები ვართ იმით, რაც ხდება. ქართული ღვინო მსოფლიოში გამორჩეულია. მოუთმენლად ველი იმ მომენტს, როცა ხალხი მას დააგემოვნებს. ასევე, იმედი მაქვს, რომ მალე აქ ოჯახთან ერთად ჩამოვალ”, – უთხრა ქინქლაძემ Manchester Evening News-ს.
ფოტოზე: ქინქლაძის ბიზნესპარტნიორი პოლ ეშბი და “მანჩესტერ სიტის” ლეგენდა, მაიკ სამერბი ვეტერანი ქართველის წარმოებულ ღვინოსთან ერთად.