ქულა მარტვილელებთან
5 მარტს, საქართველოს 26-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-18 ტურის მატჩები გაიმართა. ქუთაისის „ტორპედომ“ საკუთარ კედლებში მარტვილის „მერანს“ უმასპინძლა.
გაზაფხულის მე-5 დღეს ქუთაისში არასაფეხბურთო ამინდი დაემთხვა. დილიდანვე წვიმდა. გუნდების მატჩისწინა მოთელვის დროს კი, თოვლიც წამოვიდა. საშინელი სუსხისა და სიცივის მიუხედავად, „ცენტრალურის“ ტრიბუნებზე ჩვენი გუნდის რამდენიმე ასეული ქომაგი მაინც შეიკრიბა. „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი დარასელიამ თავიდანვე შეტევითი ტაქტიკა აირჩია და წინა ხაზში თავდამსხმელთა ტრიო, საბანაძე-კვარაცხელია-კვერნაძე გაამწესა. თუ ერთ ეპიზოდს არ ჩავთლით, როცა ჯღამაიამ არაზუსტად დაარტყა თავით, საწყისი 20 წუთი მხოლოდ ქუთაისელთა მიერ შექმნილი სახიფათო მომენტებით ხასიათდებოდა. კლიმიაშვილმა საჯარიმო დარტყმით ვერ მოახვედრა ბურთი მიზანში, ხოლო კირკიტაძისა და კვარაცხელიას ბოლო დარტყმებს მერანელები გადაეღობნენ. მე-13 წუთზე, დაწინაურების რეალური შანსი ვერ გამოიყენა კვერნაძემ, რომელმაც ჩიკვილაძის ჩაწოდებით სამიოდე მეტრიდან იმ მიმართულებით გაუშვა ბურთი, სადაც მამალაძე იდგა. აქედან ერთ წუთში იყო ჭელიძის გასროლა და მეკარის მიერ ბურთის კუთხურზე მოგერიება. „მერანის“ გამოცოცხლებას მასპინძელთა კარში გატანილი გოლი მოჰყვა, 32-ე წუთზე, ტორპედოელ მცველებს საბა ლომია გაეპარათ, მეკარესთან პირისპირ გასულმა ფორვარდმა მცირე რიკოშეტის შედეგად ანგარიში გახსნა – 0:1. ანგარიშში ჩამორჩენის შემდეგ ტორპედოელებს ოდნავი დაბნეულობა შეეტყოთ, ამით ქიქავასა და წყაროზიას შეეძლოთ ესარგებლათ, თუმცა კარს ააცილეს. საპირისპირო კართან იგივე გააკეთა კვარაცხელიამაც. პირველი ტაიმის დამატებულ წუთზე „ტორპედომ“ საქმე კვლავ ნულიდან დაიწყო, მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან ორთაბრძოლაში კვარაცხელიამ ივარგა და მარჯვნივ კირკიტაძეს გაუგორა ბურთი, დათომ იდეალური პასით ნიკა საბანაძე მონახა, რომელმაც ზედიზედ მეორე მატჩში გამოიჩინა გოლით თავი – 1:1.
მეორე ტაიმში ქუთაისელებმა სრული სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს. 65-ე წუთამდე მარტვილელები მეტოქის ნახევარზეც კი სულ რამდენიმეჯერ გადავიდნენ. „ტორპედოდან“ დაწინაურების შესაძლებლობა კვარაცხელიას, ქიმაძეს, საბანაძესა და კვერნაძეს ჰქონდათ. მათგან ყველაზე მაღალპროცენტიანი შანსი სწორედ ამ უკანასკნელს მიეცა, მან დრიბლინგის შემდეგ ხელსაყრელი პოზიციიდან დაარტყა მეკარისგან მარცხენა კუთხეში, მაგრამ მამალაძემ კარგი რეაქცია გამოავლინა და ბურთიც მოიგერია. სხვათა შორის, კვერნაძემ ამ მომენტამდე ცოტა ხნით ადრე გოლიც გაიტანა, რომელიც ოფსაიდის გამო არ ჩაითვალა. 66-ე წუთზე, კონტექსტიდან ამოვარდნილს ჰგავდა გეგეჭკორის დარტყმა, ბურთი კარს მიღმა წავიდა. 71-ე წუთზე, კირკიტაძის ჩაწოდებით კვლავ კვერნაძე ცდილობდა თავით გატანას, თუმცა ისევ მეკარემ ივაჟკაცა. ერთ წუთში კლიმიაშვილის შესრულებული „სტანდარტით“ „მერანი“ ადამაძისგან გადაურჩა გოლს, ტორპედოელმა ფეხით ოდნავ არაზუსტად იმოქმედა. 83-ე წუთზე, საბანაძემ „საჯარიმო“ დაარტყა და მცირე მანძილით ააცილა „ჩარჩოს“. შეტევაზე ორიენტირებულ „ტორპედოს“ სტუმართა ერთი-ორი სახიფათო კონტრშეტევის დროს მოუწია ნერვიულობა, მათ შორის 90-ე წუთზე, ციცხვაიას უშედეგო თავური დარტყმით. მეორე ტაიმზე დამატებულ 4 წუთშიც მომენტის რეალიზება არ მოხდა და საბოლოო ანგარიშიც პირველი ტაიმის დაფიქსირდა – 1:1.
FCTorpedo.GE