ქუთაისის “ტორპედო” მარტვილის “მერანთან” ნავსის გასატეხად

6 ოქტომბერს, ქუთაისის „ტორპედო“ მარტვილის „მერანს“ სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე(სადაც „მერანი“ საშინაო მატჩებს ატარებს) დაუპირისპირდება. თამაში 15:00 საათზე დაიწყება.
მარტვილელები მიმდინარე სეზონშიც ამართლებენ ე.წ. „სახლის გუნდის“ ტენდენციას. მიუხედავად იმისა, რომ ისინი თავიანთ ქალაქში ვერ თამაშობენ, მალხაზ ჟვანიას შეგირდებმა ამ ჩემპიონატში ყველა საშინაო მატჩის მოგება მოახერხეს: „სპარტაკთან“(2:1), „ზუგდიდთან“(2:0), „ჩიხურასთან“(3:2) და „სიონთან“(2:0), ხოლო საგარეო მატჩებში კი ქულის მოპოვებაც კი ვერ შეძლეს: „გურიასთან“(0:1), „ვიტ ჯორჯიასთან“(0:3) და ბოლოს, მძიმე ბრძოლაში თბილისის „დინამოსთან“(2:4). აღსანიშნავია, რომ ეროვნული თასის მერვედფინალში მოასპარეზე ჩვენმა უახლოესმა მეტოქემ, პირველი მატჩი გასვლაზე „გურიას“ მოუგო(2:1) და შემდეგი ეტაპის საგზურისთვის დიდი ნაბიჯი გადადგა.
რაც შეეხება ქუთაისურ-მარტვილურ „სტუმარ-მასპინძლობებს“, სულ გუნდებს შორის უმაღლეს ლიგაში 6 მატჩია გამართული, აქედან სამ-სამი შეხვედრა თითოეულმა მათგანმა საშინაო კედლებში დაასრულა გამარჯვებით – „მერანმა“ 1:0, 3:0 და 3:0 მოგვიგო, ქუთაისში კი 2:1(გოლები: რევაზ გოცირიძე, გრიგოლ დოლიძე), 2:0 (ნიკა საბანაძე, ვალერი ბოლქვაძე) და 4:0 (მერაბ გიგაური, ნიკა საბანაძე, გრიგოლ დოლიძე, გიორგი კუხიანიძე) დავამარცხეთ მეტოქე.
FCTorpedo.GE