ქუთაისის “ტორპედოს” მფლობელი კვლავ ზაალ ჩაჩავაა
ქუთაისის “ტორპედოს” პრესსამსახურის უფროსმა ედო ბადალაშვილმა სოციალურ ქსელში გუნდში არსებულ უმძიმეს ვითარებაზე დაწერა.
“მაშინ, როცა დღეს ბევრს ევროპულ კლუბებში ხელფასის შემცირება უკვირს, ტორპედოს ფეხბურთელებმა და პერსონალმა ორი თვის წინ 5-6 თვის ხელფასზე თქვეს უარი. ევროპა ვერც ამით გაგვაკვირვებს…
უარი თქვეს ერთი მიზეზით – კლუბის სიყვარულით. პირობა ასეთი გაიცა: კლუბს არსებობა უნდა გაეგრძელებინა, მოვიდოდა ახალი ინვესტორი და ყველაფერი ნულიდან დაიწყებოდა.
გამოჩნდა უცხოელი ინვესტორი. გამომდინარე იქიდან, რომ ჩემპიონატის დაწყებამდე 2-3 კვირა რჩებოდა, იურიდიულად კლუბის გადაფორმებას კი ცოტა დააგვიანდებოდა, შეთანხმდნენ, რომ კლუბის მართვა უნდა დაეწყო და იურიდიული საკითხიც უახლოეს დღეებში მოგვარდებოდა.
ერთი თვე გავიდა… ხალხი, რომელმაც ტორპედოს უკეთესი მომავლისთვის 5-6 თვის ხელფასზე უარი თქვა, დღეს, საგანგეჟო რეჟიმის დროსაც კი სახლში კვლავ უფულოდ ზის.
რას ითხოვს ინვესტორი? საგარანტიო ფურცელს, რომ ხვალ თუ არა, ზეგ მაინც გადასცემენ კლუბს. იქნება საგარანტიო ფურცელი? იქნება ხელფასები!
გასაგებია, რომ მძიმე პერიოდია ქვეყანასა და მთელ მსოფლიოში, მაგრამ, სამწუხაროდ, ტორპედოს დღეს კი არა, უკვე თვეებია საქმით ეუბნებიან, რომ თქვენთვის არ გვცალია და არ გვაინტერესებთო.
სხვანაირად ალბათ ვერ აიხსნება, რომ ასეთი ისტორიული კლუბისთვის ერთ ფურცელს ვერ ბეჭდავენ.
ჰო, აქვე: ერთადერთი, ვინც ტორპედოს გვერდში ედგა მთელი ეს პერიოდი და ახლაც უდგას, ფეხბურთის ფედერაციაა”,- წერს ბადალაშვილი.
რამდენიმე საათის წინ ქუთაისის ფან-კლუბის მიმართვაც გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნულია, რომ კლუბის მფლობელი ჯერ კიდევ ზაალ ჩაჩავაა.