ქვილითაია: „ჩემი პირველი სიტყვა „გოლი“ იყო“
22 წლის თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია თბილისის „დინამოში“ მიმდინარე სეზონში გადავიდა. უმაღლესი ლიგის პირველი წრის შემდეგ მის ანგარიშზე 12 გოლია და ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზე მყოფ ნიკა კაჭარავას ის მხოლოდ ერთი გოლით ჩამორჩება. მიმდინარე სეზონში თბილისური კლუბის გამორჩეული ფეხბურთელი უეფა-ს ოფიციალურ საიტს გაესაუბრა.
„დიახ, ახლა ნამდვილად წარმატებული პერიოდი მაქვს. ყველაფერს გამართლებას ვერ დავაბრალებ, მაგრამ ასეთი კარგი თანაგუნდელების გვერდით ყოფნაში გამიმართლა. მათ გვერდით რომ არ მეთამაშა, ამდენს ვერ გავიტანდი“, – აღნიშნავს გიორგი.
„სპორტის სახეობის არჩევა არც კი მომიწია. დაბადებიდანვე ბურთს ვხედავდი, ბურთის მესმოდა და ბურთს ვგრძნობდი. როგორც კი ფეხბურთზე სიარული დავიწყე, ბურთი ჩემთან იყო. ჩემი პირველი სიტყვაც კი „გოლი“ იყო. ალბათ, ეს სიტყვა სხვა სიტყვებზე უფრო ხშირად მესმოდა. საფეხბურთო ოჯახი მყავს. ჩემი ძმაც თამაშობს, მაგრამ მე მამას დავემსგავსე, რომელიც თავდამსხმელი იყო. უმცროსი ძმა მეკარე გახდა“.
14 წლის ასაკში ქვილიათია მშობლიურ ქალაქ აბაშიდან „ნორჩ დინამოში“ გადავიდა, სადაც ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი თამაშობდა. სულ მალე დედაქალაქურმა კლუბმა „სასკომ“ თავისი გუნდი პირველ ლიგაში წარმოადგინა, სადაც ქვილიათიამ ოთხ თვეში 22 გოლი გაიტანა.
მალე 19 წლის თავდამსხმელი უნგრეთს უძლეირეს კლუბ „დიორში“ გაუშვეს: „იქ თამაში ორჯერ მოვასწარი. პირველად ნახევარწლიანი იჯარით ვიყავი. მაშინ კლუბი უნგრეთში საუკეთესო გახდა. შემდეგ დავბრუნდი და სამწლიანი კონტრაქტიც გავაფორმე. ტრავმის შემდეგ ლიგის თასის ოთხ მატჩში ათი გოლი გავიტანე, მალე თავი უმაღლეს დივიზიონშიც გამოვიჩინე. მართალია, წასვლა მომიწია, რადგან „დიორი“ გაკოტრდა და მესამე დივიზიონში გადავიდა“.
„დიორიდან“ პირველად წასვლის შემდეგ ქვილითაია გორის „დილას“ შეუერთდა, მეორედ კი დაფიქრება მოუწია: „ევროპაში დარჩენის რეალური შანსი მქონდა, ერთი სლოვაკური კლუბი მპატიჟებდა, თუმცა გიორგი გეგუჩაძის ფაქტორი გადამწყვეტი გახდა. თავიდან გამიჭირდა, მაგრამ დრომ აჩვენა, რომ სწორად მოვიქეცი. სანამ „დინამოში“ მოვხვედებოდი, ტრავმა თითქმის სამ თვეში ერთხელ მქონდა. ახლა ყველაფერი რიგზეა – პირველი წრის ყველა 15 მატჩი ძირითად შემადგენლობაში დავიწყე. ჩემთვის მწვრთნელის მხადაჭერა, რომელიც რთულ დროს ჩემ გვერდით იყო, ძალიან მნიშვნელოვანია.
„გაბალასთან“ ორმატჩიანი წაგებული დაპირისპირების შესახებ: „მაშინ შესათამაშებლად დრო არ გვყოფნიდა. ჩვენი ამჟამინდელი ფორმით სერია სულ სხვა შედეგით დასრულდებოდა“.
უახლოესი გეგმების შესახებ: „უახლოესი გეგმებს მხოლოდ „დინამოს“ ვუკავშირებ. ჩვენი მიზანი ორივე ეროვნული ტურნირის მოგება და ევროთასებზე მოხვედრაა, სადაც ჯგუფურ ეტაპზე გასვლა შეგვიძლია. ამჟამინდელი შემადგენლობა ამის საშუალებას გვაძლევს.
ეროვნულ ნაკრებშო მოხვედრის ძალიან დიდი სურვილი მაქვს. ამაზე ჯერ კიდევ მაშინ ვოცნებობდი, როცა ფეხბურთს თამაშს ვიწყებდი“.