ევროპის ლიგა: “რაპიდში” ქვილითაიას დებიუტი შედგა
დღეს ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა.
ერთ-ერთ მატჩში ვენის “რაპიდმა” საკუთარ მოედანზე ბელგიური “გენკი” მიიღო. სწორედ ავსტრიულ გუნდში ასპარეზობს ქართველი ახალგაზრდა ფორვარდი, ყოფილი “დინამოელი”, გიორგი ქვილითაია.
მატჩში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს; 29-ე წუთზე იამაიკელმა შემტევმა, ლეონ ბეილიმ მოახერხა გატანა. ამ ტაიმში მეტი გოლი აღარ გასულა.
მეორე ნახევარში კი “რაპიდის” ჯერი დადგა. ავსტრიული გუნდის მხრიდან 51-ე წუთზე შვაბმა გაათანაბრა. სულ რაღაც 6 წუთში იმავე მოთამაშემ დუბლი შეასრულა და ქვილითაიას კლუბი წინ გაიყვანა. მე-60 წუთზე კი “გენკის” ფეხბურთელმა, კოლეიმ ავტოგოლი გაიტანა და მეტოქე გუნდის უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა.
ქვილითაია მატჩში 86-ე წუთზე ჩაერთო. მისი გუნდის კარში მალე თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც ბეილიმ გამოიყენა. საბოლოოდ, 3-2, “რაპიდმა” იმარჯვა.