რა ბედი ელის მოურინიოსგან დაწუნებულ დელე ალის?
ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ს თუ დავუჯერებთ, ლონდონის “ტოტენჰემის” ხელმძღვანელები იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე დელე ალის დაყენებას აპირებენ.
როგორც იცით, 24 წლის ინგლისელი ნახევარმცველი, არც თუ ისე დიდი ხნის წინ ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელის წოდებასაც ატარებდა. მიმდინარე სეზონში კი სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა – ალიმ პრემიერ ლიგის მხოლოდ 2 მატჩში შეძლო მონაწილეობის მიღება.
“სპურსის” ხელმძღვანელები ექვსთვიანი განათხოვრების შესაძლებლობასაც განიხილავენ იმ შემთხვევაში, თუ შესაფერის შეთავაზებას ვერ მიიღებენ გამოსყიდვის თაობაზე.
შეგახსენებთ, რომ ალი “ტოტენჰემში” მეხუთე სეზონს ატარებს და ის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი იყო.
ლონდონური გამოცემების მიხედვით, დელე ალი პირადად ჟოზე მოურინიომ დაიწუნა. Amazon-ის მიერ გადაღებულ სერიებშიც ნათლად ჩანს, რომ მოურინიო დელეს ხშირად მოიხსენიებს, როგორც ზარმაც ფეხბურთელს და მუდმივად იწუნებს მის ვარჯიშს.
ალის ტრანსფერს ყველაზე ხშირად “პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელებს უწინასწარმეტყველებენ.