რა ბედი ეწევა “სამტრედიას”?
როგორც იცით, “სამტრედიას” საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ლიცენზია არ მისცა, რის გამოც იმერულ კლუბს უმაღლესი ლიგისკენ გზა გადაეკეტა.
ამის გამო, დიდი ალიაქოთი ატყდა მთელს ქართულ საფეხბურთო სამყაროში.
იმერლები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიმართ და ზვიად სიჭინავას მიმართ, არაერთ მუქარას ავრცელებენ. მათ სურთ, რომ ლიცენზია მიიღონ და ამისთვის ყველაფერზე არიან წამსვლელები.
ამასთან დაკავშირებით, ჩვენს ვებგვერდთან “სამტრედიას” ფეხბურთელმა, გიორგი პაჭკორიამ ისაუბრა.
“სავარაუდოდ, ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩემი პირადი მოსაზრება საინტერესო არ არის. ფეხბურთელები ინფორმირებულები ვართ და როგორც გავიგეთ, კლუბმა ყველა საბუთი მოამზადა, უბრალოდ ფედერაციაში წარდგენა დააგვიანა, თუმცა მხოლოდ ეს არ უნდა იყოს მიზეზი.
არის თუ არა სამართლიანი საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია? როგორ დავეთანხმო ამ წინადადებას და მართალიც, რომ იყოს მაინც ვერ ვიტყოდი, რომ ისინი სწორად მოიქცნენ. ფეხბურთელები და გულშემატკივრები უკმაყოფილოები და იმედგაცრუებულები ვართ, მათი გადაწყვეტილებით.
“სამტრედიას” ჰყავს გულშემატკივარი, რომელიც ფეხბურთით ცხოვრობს და უზომოდ არის შეყვარებული ამ სპორტზე. ნამდვილად უნდა იქნას გათვალისწინებული ამ ხალხის მოთხოვნები და მათ ტკივილი არ უნდა მიაყენონ. ყველა ასაკის გულშემატკივარი დადის, ჩვენს საყურებლად, სტადიონზე და ისინი მართლაც, რომ მე-12 ფეხბურთელის მოვალეობას ასრულებენ. სამტრედიელები წარმატების მიღწევაში გვეხმარებიან.
რაც შეეხება განვლილ სეზონს, რა თქმა უნდა, დადებითად შევაფასებდი. პირველი ლიგის, პირველ ადგილზე გავედით და მეტოქეეებს 6-11 ქულით გავასწარით. ნამდვილად შეკრული და მონდომებული გუნდი ჰყავს სამტრედიას. ასევე, იდეალური ადამიანები წვრთნიან იმერულ გუნდს. იმედი მაქვს, მომავალ სეზონში უმაღლეს ლიგაში ითამაშებს ეს გუნდი და წარმატებას მიაღწევს”, – განაცხადა გიორგი პაჭკორიამ.
როგორც ხედავთ, სამტრედიელები იმედით არიან და ელიან, რომ უმაღლეს ლიგაში შეძლებენ გადასვლას. როგორც იცით, ფლეი ოფში 4 გუნდი არის: “კოლხეთი”, “შუქურა”, “სამტრედია” და “დინამო ბათუმი”.
ასევე, საინტერესოა ისიც, რომ ლიცენზია, ვერც ბათუმელებმა ვერ მიიღეს და ისინიც ვერ შეძლებენ უმაღლეს ლიგაში ასპარეზობას. ასეა თუ ისე, გამოდის, რომ “კოლხეთი” და “შუქურა” პირდაპირ, ფლეი ოფის გარეშე უნდა გადავიდნენ უმაღლესში.
თუმცა, ჯერ-ჯერობით არაფერი დასრულებულა და სამტრედიელები, სხვადასხვა ხერხით ცდილობენ, რომ ლიცენზია მოიპოვონ ფეხბურთის ფედერაციისგან.
გუშინ, ცნობილი გახდა, რომ მთელი რიგი სამტრედიელები თბილისში ჩასვლას და ფედერაციის წინ პროტესტის გამოთქმას აპირებენ.
ასევე, უკვე 2 დღეა მთელი ქართული საფეხბურთო სამყარო იმერულ კლუბს მხარდაჭერას უცხადებს. ერთ-ერთი ასეთი, ლანჩხუთის “გურია” იყო, რომელმაც სოციალურ ქსელში გაავრცელა მხარდამჭერი განცხადება (ასევე, “მაჭახელაც” და “სპარტაკიც”).
Facebook-ში “სამტრედიას” შემდეგი გზით უცხადებენ მხარდაჭერას: თითოეული მომხმარებელს, “სამტრედიას” ლოგო აქვს დაყენებული მთავარ სურათად.