რა დაემართა მამაკაცს, რომელსაც UFC-ის მებრძოლი გოგონასთვის ტელეფონის წართმევა სურდა (ფოტო)
შაბათს, ბრაზილიის დროით 20:00 საათზე, მამაკაცმა UFC-ის მებრძოლ გოგონას, პოლიანა ვიანას რიო დე ჟანეიროს ერთ-ერთ უბანში ტელეფონის მოპარვა დაუპირა. თუმცა, მამაკაცისათვის ეს ამბავი ცუდად დასრულდა.
პოლიანა ვიანამ ინციდენტთან დაკავშირებით MMAjunkie-სთან ისაუბრა. მან თქვა, რომ ის თავის სახლთან ტაქსის ელოდებოდა, როცა მას უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა.
“მამაკაცი ჩემს გვერდით დაჯდა. მან მკითხა, რომელი საათი იყო, მე ვუპასუხე, თუმცა ამის შემდეგ ის ისევ ადგილზე დარჩა. ტელეფონი შევინახე. მან მითხრა: “ტელეფონი მომეცი. არ შემეწინააღმდეგო, რადგან შეიარაღებული ვარ.” მან ხელი იმ ადგილას წაიღო, სადაც წესით, იარაღი უნდა ჰქონოდა, მაგრამ მივხვდი, რომ უიარაღოდ იყო. გავიფიქრე: “თუ იარაღი მართლაც აქვს, სროლას ვერ მოასწრებს.” ამიტომაც, ავდექი და ორჯერ დავარტყი, ის წაიქცა, შემდეგ კი ვახრჩობდი. ბოლოს, ავაყენე და ისევ იმ ადგილას დავაჯინე, სადაც იქამდე იჯდა და ვუთხარი: “ახლა პოლიციას დაველოდებით”,” – განაცხადა სპორტსმენმა.
მოგვიანებით, ვიანამ აღმოაჩინა, რომ მამაკაცს “იარაღი” მართლაც ჰქონდა, მაგრამ ის მუყაოს ქაღალდის იყო. UFC-ის მებრძოლის თქმით, სანამ პოლიცია მოვიდოდა, მას მამაკაცი შებოჭილი ჰყავდა. ისიც გაირკვა, რომ დამნაშავე ციხიდან ახალი გამოსული იყო.
“მამაკაცი მეუბნებოდა, რომ პოლიციისთვის კიდევ ერთხელ დამერეკა. მას ეშინოდა, რომ უარეს დღეში ჩავაგდებდი. ძალიან შეშინებული იყო”, – ამბობს ვიანა.
საბოლოოდ, დამნაშავე პოლიციამ წაიყვანა. ვიანა კი ინციდენტის შემდეგ, ჯერ პოლიციის განყოფილებაში გამოკითხეს, შემდეგ კი ის სახლში დაბრუნდა და სადილი მიირთვა.