რა გადაწყვეტილებას მიიღებს ფედერაცია? ქართული გუნდების მდგომარეობა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ეროვნული ლიგას, დიდი ალბათობით, ივნისში განაახლებს.
გერმანიის ჩემპიონატის განახლების შემდეგ სფფ ბევრ რეკომენდაციას ბუნდესლიგის გამოცდილებიდან გაითვალისწინებს და ერთ-ერთი, მატჩის შემდგომ ფეხბურთელის ოჯახში ან საკარანტინო სივრცეში გადანაცვლებაა.
ფედერაციამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ფეხბურთელი შეხვედრის დასრულების შემდგომ წავა ოჯახში თუ სასტუმროში, სადაც საკარანტინო სივრცე იქნება განთავსებული.
თუ მოთამაშეს ოჯახში წასვლის შესაძლებლობას მისცემენ, მაშინ თითოეული მათგანი პრაქტიკულად ვეღარ შეძლებს სახლიდან გამოსვლას, მაღაზიაში წასვლას, იქნება კვლავ თვითიზოლაციაში და შეხება მხოლოდ ოჯახის წევრებთან ექნებათ.
მე-2 ვარიანტი, რომელსაც პირადად ლევან კობიაშვილი უჭერს მხარს, საკარანტინო სივრცის გამოყენებაა. გუნდები დაიქირავებენ სასტუმროებს, თუ ბაზა არ გააჩნიათ და ფეხბურთელები ჩემპიონატის დასრულებამდე სასტუმროში იცხოვრებენ.
თბილისის “დინამოს”, თბილისის “ლოკომოტივსა” და ქუთაისის “ტორპედოს” საკუთარი ბაზა აქვთ, სადაც შესაძლებელი იქნება ფეხბურთელებისთვის საცხოვრებელი ადგილების გამოძებნა და მათთვის ეს ნაკლებ პრობლემას წარმოადგენს.
თვითონ ფეხბურთის ფედერაციის საკუთრებაში 1 სასტუმრო იმყოფება, რომელიც, შესაძლოა, რომელიმე გუნდს გადაეცეს დროებით სარგებლობაში.
ასევე, თითოეულ მატჩზე ფეხბურთელები ინდივიდუალურად ან ავტობუსებში სოციალური დისტანციით დაცვით უნდა მივიდნენ.