რა გამოარჩევს გიორგი მამარდაშვილს ყველა სხვა ქართველი ფეხბურთელისგან?
გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიაში” მე-2 გუნდის მეკარედ მივიდა, დღეს კი ლა ლიგაში შეუცვლელად თამაშობს, ძირითადიდან იასპერ სილესენი ამოაგდო, მისი სეივები საუკეთესოდ დასახელდა და რომ არა ის, “ვალენსია” ბოლო ტურში ქულასაც ვერ მოიპოვებდა.
21 წლის მამარდაშვილი ლა ლიგაში პირდაპირ ეროვნული ლიგიდან მოხვდა. ვისაც “ლოკომოტივის” მატჩებისთვის უყურებია, შეუძლია საოცარი განსხვავება დაინახოს, თუ რა უდიდესი პროგრესი განიცადა მეკარემ ამ 2 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით, ბოლო 6 თვეში.
გიორგი ხშირად უშვებდა შეცდომას გამოსვლებზე და ფეხით თამაშის დროს, თუმცა გოლის გაშვების მიუხედავად, ვერასდროს ნახავდით თავჩამოშვებულს და აქეთ თანაგუნდელებს ამხნევებდა. მისი ყოფილი მთავარი მწვრთნელი, გია ჭიაბრიშვილი სწორედ მისი ამ შემართებით იყო გაოცებული.
სწორედ ეს ჟინი, მოთმინების უნარი და საკუთარ თავში რწმენა გამოიყენა იმ ოთხი თვის განმავლობაში, როდესაც ბორდალასი არ ათამაშებდა, ერთხელ “წონის” გამოც კი განაცხადშიც არ შეიყვანა და თასზე გამოსვლაც სანატრელი იყო.
გიორგი ელოდებოდა, ელოდა მის შანსს და იდეალურად გამოიყენა ყველაზე ზუსტ მომენტში. ეს არის სწორედ მენტალიტეტის თემა. ნებისმიერი ფეხბურთელს, შესაძლოა, ფსიქოლოგიური პრობლემები დაწყებოდა, ნაკლებად ევარჯიშა, საქართველოში ჩამოსვლა ან “ვალენსიიდან” წასვლა მოეთხოვა, მაგრამ დარჩა, იბრძოლა და დღეს კი ამის შედეგს იმკის. ეს არის პროფესიონალიზმი.
23 აპრილს, დაახლოებით 1 კვირაში, ესპანეთის თასის ფინალში სწორედ მამარდას ველოდებით და “ვალენსიას” გამარჯვების შემთხვევაში, წლების შემდეგ პირველად მოხდება ისე, რომ ქართველი ფეხბურთელი ძალიან მაღალი დონის ტურნირის მოგებას შეძლებს.