რა ხდება ბათუმის “დინამოში”? კონტრაქტი 31 დეკემბერს დასრულდა
ბათუმის “დინამო” 10 იანვარს შეიკრიბა, 16 იანვარს კი თურქეთში პირველ მოსამზადებელ შეკრებაზე წავიდა, მაგრამ ჯერჯერობით, გუნდის არცერთი ვარჯიშის ფოტო ან ვიდეო მასალა ოფიციალურ გვერდზე არ გამოქვეყნებულა.
გულშემატკივარი აქტიურად ითხოვს ვარჯიშის ვიდეო, მწვრთნელის კომენტარები და სხვადასხვა საინტერესო ინფორმაცია დაიდოს, მაგრამ არაფერი ჩანს.
შესაძლოა, ეს ყველაფერი Europebet-თან კონტრაქტის დასრულებას უკავშირდებოდეს, რომელიც კლუბის მარკეტინგულ მხარეზე ზრუნავდა და თანამშრომლობა 31 დეკემბერს დასრულდა. ფაქტია, Europebet-ის გუნდი თავის საქმეს ძალიან მაგრად ასრულებდა.
მაგალითად, 12 იანვარს “დინამომ” ახალწვეულები დამონტაჟებული ვერსიით ახალ ფორმებში წარმოადგინა, თუმცა მალევე ფოტოების წაშლა მოუწია, რადგან ფანებს დიზაინი საშინლად არ მოეწონათ. შემდეგ “ნამდვილი” ფოტოებით სცადეს სიტუაციის გამოსწორება, მაგრამ ეს ნაკლებად გამოვიდა.
მზადების ფოტოები და ერთადერთი 15-წამიანი ვიდეო ოსმან მჟავანაძემ (საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის პრეზიდენტი) გამოაქვეყნა, რომელიც ბათუმს “ტრაბზონის” ხელმძღვანელობასთან კონტაქტში დაეხმარა და “ტრაბზონმა” ჩვენებს სავარჯიშო მოედნები 1 დღით დაუთმო. ფოტოებში გუგა ფალავანდიშვილი გამოჩნდა, რომელიც “დინამოს” ზაფხულში შეუერთდა, თუმცა არ უთამაშია. არ ჩანს ჯანო ანანიძე.
ამ დროს თბილისის “დინამო” აქტიურად თითქმის ყოველდღე აშუქებს თბილისელთა ვარჯიშს და ახალწვეულების კომენტარებსაც გვთავაზობს. იგივეი თქმის ქუთაისის “ტორპედოზეც”.
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წინ და ეტაპზე ბათუმს ძლიერი მარკენტიგული სვლები დაჭირდება და იმედია, ამ მხრივ ბათუმს სპონსორის წასვლა აღარ დაეტყობა.