რა ხდება დინამოში?
ის, რასაც თბილისის “დინამო” ფეხბურთის ქართველი მოყვარულების შედარებით უფრო თაობის უმრავლესობის და ახალგაზრდათა საკმაოდ დიდი ნაწილისთვის წარმოადგენს, არახალია და ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. დღევანდელი სტატია იმ “გაუგებრობას” გვსურს მივუძღვნათ, რომელიც ბოლო დღეებში მეხივით დაატყდა თავს და მისი ყველა გულშემატკივარი შოკში ჩააგდო, თუმცა, როგორც ჩანს, არამარტო გულშემატკივარი…
მოგეხსენებათ, ორი დღის წინ “დინამოს” ხელმძღვანელობამ ალექს გარსიას გადაყენების გადაწყვეტილება გუნდის ჯერ კიდევ ესპანურ შეკრებაზე ყოფნის დროს მიიღო, მის მაგივრად კი გიორგი დევდარიანი დაინიშნა. თბილისელთა გულშემატკივრებს ეს ცუდად ენიშნათ, მით უფრო, რომ კლუბის მფლობელისგან არაერთ ინტერვიუში გახლდათ აღნიშნული, რომ ესპანელ სპეციალისტს ნდობის სრული მანდატი აქვს და ჩემპიონატის დასრულებამდე მის წასვლაზე საუბარი აზრსაა მოკლებული, თუმცა საქმე ასე მარტივად არ ყოფილა. ყოვლად გაუგებარი მიზეზით, გარსიას წასვლა არათუ ჩემპიონატის დასრულებისას, ან მისი პირველი წრის ფინიშზე (როცა სეზონის განახლებისთვის მზადება იგეგმებოდა) გადაწყდა, არამედ უკვე აწყობილი, დაგეგმილი, და რაც მთავარია მიმდინარე ტურნეს დროს, თანაც ეს მაშინ, როცა სწორედ გარსიას ინიციატივით (ან იქნებ არც…) რამდენიმე მნიშვნელოვანი ტრანსფერი გაკეთდა, მათ შორის გიორგი მერებაშვილის, გოგიტა გოგუას, გურულის, ესპანელი ანდრეუს…
მწვრთნელის შეცვლას დაემატა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაადგილება, გუნდის მმართველი დირექტორი ამიერიდან ზურაბ პოლილიკაშვილის ნაცვლად სანდრო შახოვი იქნება, რომელიც ბ-ნა ფიფიამ “კარგ მენეჯერად” მონათლა და დააწინაურა, აი პოლოლიკაშვილის “გა-ვიცე-პრეზიდენტება” კი ბევრისთვის “ჩამოლაბორანტება” უფროა, ვიდრე დაწინაურება, “პოლოლიკას”, როგორც მას “დინამოს” ფანები მეგობრულად მოიხსენიებენ, თავი იმით თუ შეუძლია დაიმშვიდოს, რომ ფიფიამ საზოგადოებას ის “პირად მეგობრად” წარუდგინა და “ერთად ბევრ საქმეს გავაკეთებთო”, აღნიშნა…
ამ ყველაფერს, სეზონის განახლების წინ გუნდში მწვრთნელის შეცვლას, გარსიას ტაქტიკური სქემიდან, ფილოსოფიიდან, უცებ ახალი დამრიგებლის თვალთახედვაზე გადასვლის აუცილებლობის დადგომას გუშინ საღამოს კიდევ ორი ფაქტი დაემატა, ერთი უცნაური და დამაფიქრებელი, მეორე კი…ყოვლად ამაზრზენი.
თქვენის ნებართვით, მეორით დავიწყებთ, თუმცა მის შესახებ ალბათ ბევრმა თქვენგანმა უკვე ძალიან კარგად იცის, “დინამოს” იმ გულშემატკივრებს, რომლებმაც გუშინ “დინამოსა” და “გუანჟოუს” ამხანაგური მატჩის ინტერნეტ-რეპორტაჟს მიადევნეს თვალი, ალბათ ძალიან უნდათ ის ეპიზოდები სამუდამოდ ამოიჭრას მათი მეხსიერებიდან, როცა გუნდის კაპიტანი და ლიდერი, ალექსანდრე კოშკაძე სათამაშო ეპიზოდებში უშვერი სიტყვებით მოიხსენიებს გუნდის ორ ესპანელ ლეგიონერს… საუბარი იმაზე, რომ გუნდის ქართველ და ესპანურ ფეხბურთელებს შორის გარკვეული კონფლიქტი არსებობს და რომ ქართველები ესპანელების შევიწროვებით ძირითადში ადგილის დამკვიდრებას ცდილობენ, კულუარებში აქამდეც იყო, მაგრამ ოფიციოზისგან და თავაც ფეხბურთელებისგან მუდმივად გვესმოდა, რომ გუნდში იდეალური, მეგობრული ატმოსფეროა და ყველა ერთ საქმეს, “დინამოს დიდებას” ემსახურება… “დედის გინება” თავისთავად ხომ მიუღებელია, მაგრამ როცა ამას იმ ადამიანის მიმართ აკეთებ, რომელსაც შენი ენა საერთოდ არ ესმის, აქ უკვე ქართველი კაცისთვის ასე ფასეულ “ვაჟკაცობაზე” დგება საქმე, ხოლო მაშინ, როცა “დინამოს” კაპიტანი გქვია, როგორც მინიმუმ, გულშემატკივართან გამოჩენის უნდა შეგვრცხვეს, დანარჩენი დასკვნების გამოტანა თქვენთვის მოგვინდვია…
დაბოლოს, დღის ერთგვარი დაბოლოება იმ ამბის განცხადება გახლდათ, რომ გუნდის ახალწვეულთან, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ ალექსანდრე გურულთან საბოლოო შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა და გურული “დინამოში” არ დარჩება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქმე ფინანსურ დეტალებშია (რაც, სავარაუდოდ, კლუბის მიერ ოფიციალურ მიზეზადაც დასახელდება), იქვე ფეხბურთელის მამის, გია გურულის კულუარული ნათქვამიც არ უნდა დავივიწყოთ, ჩემს შვილს მე ვურჩიე უკრაინაში დაბრუნებულიყოო, გულშემატკივართა უმრავლესობას კი რჩება შთაბეჭდილება, რომ გურული უბრალოდ კლუბში შექმნილ არაჯანსაღ ატმოსფეროს გაექცა…