რა ხდება ქართულ ფეხბურთში? – ასეთი რამ ნანახი არ გექნებათ
ეროვნულ ლიგაში უკვე 14 მატჩი ჩატარდა და ყველასგან მოულოდნელად, ჯერჯერობით ფრე არ დაფიქსირებულა. 1 მატჩი (თელავი – სამგურალი) უამინდობის გამო გადაიდო. მე-3 ტური საკმაოდ მძიმე სანახავი გამოდგა, მოქმედი ჩემპიონი ბათუმის “დინამო” გორში “დილასთან” 2-1 დამარცხდა. 90-ე წუთზე ფეხბურთელებს შორის მცირე ჩხუბი მასობრივ არეულობაში გადაიზარდა, რაშიც ფანებიც ჩაერთვნენ და თამაში 5 წუთით შეჩერდა.
შეხვედრის შემდეგ გეგუჩაძემ ასეთი რამე თქვა: “ვერ ვიტყვი, რომ მოედანზე ფეხბურთი იყო, ეს ყველაფერი ინციდენტებით იყო სავსე. მომხრე ვარ აქცენტი ფეხბურთზე გავაკეთოთ და არა სხვა, გარეშე ფაქტორებზე. ყველა ხერხით გამარჯვებას მხარს არ ვუჭერ. ყოველთვის მზად ვარ მოწინააღმდეგეს გამარჯვება მივულოცო, მაგრამ ახლა ვერაფერი დავინახე, რის გამოც “დილას” მილოცვა შემიძლია ვუთხრა”
თბილისის “დინამომ” ბოლნისის “სიონი” 1-0 დაამარცხა. “სიონმა” ზედიზედ მე-3 მატჩი წააგო და დიდია ალბათობა, მთავარი მწვრთნელი გიორგი დარასელია პოსტს დაემშვიდობოს.
“სიონი” მთელი მატჩი თავს იცავდა და დაცვაში იყო. მძიმე შეხვედრა გამოვიდა. ასეთ ამინდში სტადიონზე მოსვლის და მხარდაჭერისთვის გულშემატკივარს მადლობას ვეტყვი. ბოლოს ისიც მინდა ვთქვა, რომ “სიონის” მწვრთნელი ჩემთან არ მოვიდა და გამარჯვება არ მომილოცა, ასე არ შეიძლება” – განაცხადა კახა ცხადაძემ.
ქუთაისის “ტორპედომ” “საბურთალოსთან” 2-0 წააგო და ფანებმა მაშინვე გია ცეცაძის წასვლა მოითხოვეს. სანაცვლოდ, “ტორპედოს” ხელმძღვანელობამ ცეცაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა.
ორი გუნდის მთავარი მწვრთნელი – “თელავის” გიორგი ჭელიძე და “გაგრას” გაგა კირკიტაძე წინ ძალიან მაგრად მიიწევენ.