რა სჭირს ჯენარო გატუზოს?
“ნაპოლის” ბოლო მატჩებში, გუნდის მთავარ მწვრთნელს, ჯენარო გატუზოს სათვალის ერთ მხარეს თეთრი ნაჭერი აქვს ახვეული და ის მხოლოდ ერთი თვალით ხედავს. რინოს თვალების მიასტენია აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მის თვალებს დასვენება და მშვიდად ყოფნა სჭირდება. მიუხედავად ამისა, ის ვარჯიშებზე სიარულსა და მატჩებზე ყოფნას განაგრძობს.
“ლაციოსთან” წაგებული მატჩის შემდეგ, გატუზოს ასისტენტმა ჯიჯი რიკიო მედიასთან ისაუბრა: “რინოს თვალზე პრობლემა აქვს. რამდენიმე დღე უნდა მოვიცადოთ და იმედი მაქვს, ამის შემდეგ ყველაფერი ნორმალურად იქნება.”
გატუზოს ეს პრობლემა მოთამაშის კარიერის ბოლო წლებშიც ჰქონდა. მან ამის შესახებ ერთ-ერთ ინტერვიუშიც ისაუბრა.
“34 წლის ვიყავი. “მილანი” – “ლაციოს” მატჩში ნახევარი საათი ისე ვითამაშე, რომ მხოლოდ ერთი თვალით ვხედავდი. ფეხბურთელს შევეჯახე და მეგონა, ის ჩემი მეტოქე იყო, თუმცა ალესანდრო ნესტა აღმოჩნდა… თვალის კუნთები კარგად არ მუშაობენ და საგნებს ოთხ ან ხუთ სხვადასხვა პოზიციაში ვხედავ. ექიმებს ჯერ კიდევ არ ესმით, როგორ ჩავატარე ამ მდგომარეობით 33 მატჩი”, – თქვა რინომ.