რა სთხოვდა ნიგერიელი მეკარე მთავარ არბიტრს შესვენების დროს?
ვინც მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ნიგერიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩს (2:3) მიადევნა თვალყური, მეორე ტაიმის სტარტზე ყურადღებას მიაქცევდა აფრიკელთა კიპერ ვინსენტ ენიამასა და მთავარ არბიტრ ნიკოლა რიცოლის შორის გამართულ მხიარულ დიალოგს. ტელერეპორტაჟის დროს სიტყვები გარკვევით ისმოდა და ადვილი გასაგები გახდა, თუ რაზე საუბრობდნენ ნიგერიელი მეკარე და იტალიელი მსაჯი.
პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში არგენტინელთა სასარგებლოდ 2:1 იყო, „ალბისელესტეს“ მხრიდან ორივე გოლის ავტორი ლეო მესი გახლდათ. ენიამას, როგორც ჩანს, მეტის გაშვება აღარ სურდა და მსაჯს ამ სიტყვებით მიმართა:
„მესის ბევრი საჯარიმო დარტყმა დაუნიშნე. ორი გოლი უკვე გამიტანა. ძალიან კარგად ურტყამს“.
„ვიცი, მესმის შენი. თუმცა, შენც მაგარი ხარ“, – გაამხნევა იტალიელმა არბიტრმა მეკარე.
„ვცდილობ. მესი ძალიან მაგარია, მე კი ნაგავი ვარ“, – თავი შეიცოდა ენიამამ. (ნათარგმნია ცენზურის გათვალისწინებით).
„კარგი მეკარე რომ არ იყო, აქ არ იქნებოდი“, – დაასკვნა რიცოლიმ.
საბოლოო ჯამში, მატჩი არგენტინელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა.